საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის განმტკიცება – ენმ-ის ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის განმტკიცებას და მის დაბრუნებას ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.

2014 წელს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძლევზე მოხდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადაცემა. იმდროინდელი ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა სამსახურის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რადგან სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მთავრობაზე ფინანსური დამოკიდებულება კი თავისმხრივ ვერ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დამოუკიდებლობას. ამას ასევე მომწმობს სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშვნის წესიც. 2014 წლიდან სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და აღნიშნული არ ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, როგორც მანამდე ხდებოდა.

ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, როგორც პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცული და დამოუკიდებელი სამსახურის დაქვემდებარება მოხდება პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოზე- საქართველოს ეროვნულ ბანკზე.

ვინაიდან ეროვნული ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ორგანოს, იგი ნაკლებად/არ არის დაინტერესებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობაში ჩარევით და გავლენის მოხდენით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცვას. შესაბამისად, სამსახურს ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა საკუთარი ბიუჯეტის სახით და, რაც მთავარია – სამსახურს ექნება ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ, ყოველგარი პოლიტიკური, სამთავრობო თუ კომერციული სფეროდან ჩარევის ან გავლენის გარეშე.

აღნიშნული ინიციატივა განამტკიცებს სამსახურის დამოუკიდებლობის და შექმნის მიუკერძოებლობის გარანტიებს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares