გეოსტრატეგიული წვრთნები ნატოს 24 წევრი-პარტნიორის მონაწილეობით და გენერალური მდივნის ვიზიტით

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ დაიწყო. 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12-დღიან წვრთნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 24 წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. 24 მარტს კი, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, რომელიც ვიზიტის მეორე დღეს საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებსაც დაესწრება. ამასთან, ჩატარდება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომაც და თბილისი ალიანსის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს.

2016 წლის შემდეგ ეს არის მეორე მასშტაბური ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელიც ერთი, სამხედრო თვალსაზრისით ნატო-სთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ამოწმებს და მეორე, ეს არის ალიანსის მხარდაჭერის დიდი გამოხატულება – „მეტი ნატო საქართველოში”, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას გვაახლოებს. პლუს, პოლიტიკური თვალსაზრისით ნატო-ს მხარდაჭერის გამოხატვაც ხდება იმით, რომ ალიანსის გენმდივანი ჩამოდის სწორედ წვრთნების დროს და სწორედ წვრთნების პარალელურად მოხდება ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის ჩატარებაც.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს წვრთნები საქართველოსთვის დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ეს წვრთნები სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. საუბარია კრიზისების ოპერაციების მართვაზე, ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის წვრთნებზე და აქ მიიღწევა ერთიანი კოორდინაცია, თავსებადობა საქართველოსა და ნატო-ს კოალიციურ ძალებს შორის.

“საქართველო ჩართულია სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, რომელიც მონაწილეობს არამეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებში და რომელიც ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციებს, ჰუმანიტარულ ინტერვენციას და ითვალისწინებს ასევე კრიზისების მართვის ოპერაციას.

“თანაც, ის დაგეგმილია საქართველოს გენშტაბის მიერ და ამ სწავლებებს პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების სარდალი, რომელსაც ბრიგადის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ასრულებს. ეს წვრთნები აჩვენებს საქართველოს თავსებადობას ნატო-ს კოალიციურ ძალებთან რამდენად არის გამოხატული.

„პლუს, პოლიტიკური ფასიც აქვს ამ მთელ ღონისძიებებს, იმიტომ, რომ, მარტის ბოლოს იქნება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამხედრო კომიტეტს ალიანსში დიდი წონა აქვს. ასევე ამას ემატება ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა. ეს არის ღონისძიებების მთელი ბუკეტი და ეს არის ჩვენება „მეტი ნატო საქართველოში”,”- ამბობს მაისაია.

მისი თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ძალიან არიან ამ წვრთნებით დაინტერესებულები.

მაისაია ამბობს, რომ საქართველოს სვლა დასავლეთისკენ და საქართველოს გაძლიერება რუსეთისთვის მიუღებელია, ამიტომაცაა, რომ ეს ღონისძიებები რუსეთში დიდი ინტერესს და დიდ გაღიზიანებასაც იწვევს.

„მოსკოვში ამ წვრთნებს დიდი ყურადღებით უყურებენ, დიდი დაინტერესებაა. უკვე ჩანს, რომ საინფორმაციო მზაობაა, საინფორმაციო აგრესიულობა იგრძნობა. რუსულ მედიაში პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ეს წვრთნები თურმე რუსეთის წინაღმდეგ მიმართულია და თბილისში ხდება რაღაც საიდუმლო გეგმის დამუშავება.

“ანუ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ელემენტების წარმოჩენასაც უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. ასევე, უნდა მოველოდოთ იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გახშირდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან, ასევე რუსული სამხედრო წვრთნების ჩატარებაც, პლუს, შეიძლება კიდევ მოვისმინოთ მუქარანარევი განცხადებები.

“ახალი ცივი ომის პირობებში საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს გაცილებით სერიოზული დატვირთა აქვს, ამას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთისთვის ეს არის ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი, მითუმეტეს ახალი ცივი ომის პირობებში. სწორედ ამას უკავშირდებოდა რუსეთიდან მუქარანარევი განცხადებაც, იგივე თავდაცვის მინისტრის შოიგუს განცხადება, რომ ნატო-ს გააქტიურება უკრაინასა და საქართველოში მიუღებელია,”- დასძენს მაისაია.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ 18-29 მარტის ჩათვლით გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ნატო-საქართველოს სწავლება არცერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ემსახურება და როგორც შედეგს, მოიტანს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან”, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სწავლების შესახებ განცხადებას სამინისტროც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარდება – პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019″-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. წინა სწავლებისგან განსხვავებით, 14 ქვეყნის ნაცვლად წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების – „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის”, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის და გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამკვირვებლები.

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares