“პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს პროდასავლურობაზე, “ბიბლიური თავისუფლების” მხარდაჭერა მოეთხოვება” – ზურაბ ჯაფარიძე

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის შეჩერებას გირჩში ეხმაურებიან.

კანონპროექტის მიხედვით, სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ გათავისუფლდებიან, თუმცა, ეს შეზღუდვა არ შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. სწორედ ეს ნაწილია ოპონენტებისთვის მიუღებელი და მას დისკრიმინაციულ კანონპროექტს უწოდებენ.

გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, სამხედრო სამსახური სავალდებულო არ უნდა იყოს.

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ განცხადებებში უფრო თავშეკავებულები იყვნენ. ჯაფარიძისვე თქმით, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ბიბლიურ თავისუფლებას მხარს უნდა უჭერდნენ.

დაკავშირებული სურათი„პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს ოპოზიციურობაზე, მინიმუმ, მოეთხოვება თავშეკავება. ხოლო, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ის არის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, მეტიც, მოეთხოვება მხარდაჭერა ასეთი რელიგიური ორგანიზაციის,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გირჩმა ასევე გამოქვეყნა ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატების სია, რომლების შვილებსაც მიუვიდათ გაწვევა, თუმცა, ჯარში არ წასულან.

“სხვადასხვა ლიდერები გამოდიან საჯაროდ და პოზიციონირებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას, მოუწოდებენ, რომ ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შვილები და ოჯახის წევრები წავიდნენ და იყვნენ სადღაც, ყარაულში მაშინ, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრები ამ სისტემისგან. ამიტომ ჩვენ ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ სია ამ მოწვევის პარლამენტის და წინ მოწვევის პარლამენტის წევრების და ქართული ოცნების მინისტრების, ვისზეც მოვიპოვეთ ინფორმაცია, ვისაც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელსაც უწევს ან უწევდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და არ გაუვლია,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება წვევამდელებზე მღვდელმსახურების მოწმობების გაცემით მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადებაში ეხმარება.

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ შეაჩერა, თუმცა, თავად დეპუტატი არ გეგმავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტიდან გაიწვიოს.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares