ტაქსების ტექდათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო

ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერება წელიწადში ორჯერაა სავალდებულო. აქამდე არსებული ნორმა მძღოლებს აღნიშნული პროცედურის გავლას მხოლოდ ერთხელ ავალდებულებდა. ცვლილება ძალაში 6 მარტს შევიდა.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ცვლილებით სახელმწიფომ ტაქსები სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრა. შალვა ურიადმყოფელის თქმით, ტაქსების მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, მიკროავტობუსების ან ავტობუსებისთვის, შესაბამისად, ისინიც იმავე რეგულაციას უნდა დაექვემდებარონ, რასაც სხვები – შემოწმდნენ ექვს თვეში ერთხელ.

“ზოგადად, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, როგორიცაა ავტობუსები, M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, წელიწადში ორჯერ თავიდანვე იყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება [სავალდებულო]. იმის გამო, რომ ეს ტრანსპორტიც, ტაქსიც, ემსახურება მოქალაქეებს, გადაჰყავს მგზავრები და მთელი დღის განმავლობაში, ხანდახან, რამდენიმე საათის მანძილზე უწყვეტადაც გადაადგილდება, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, ასევე დაექვემდებარება ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ. [ასე] ისინი გაუთანაბრდნენ სხვა სამგზავრო ტრანსპორტს”, – აღნიშნავს შალვა ურიადმყოფელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ერთჯერადი ტექნიკური დათვალიერება ამჟამად 60 ლარი ღირს. შესაბამისად, ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსის მძღოლებს წელიწადში 120 ლარის გადახდა მოუწევთ.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან, შალვა ურიადმყოფელმა აღნიშნა, რომ მსგავსი კონსულტაციები არ გამართულა.

http://netgazeti.ge/news/349512/?fbclid=IwAR3Z6imKWIwmZ1exPm26tk6A3e8FTFQFF5HxdjN1hSze4feY7rzf59qo8e8

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares