„ქართულ ოცნებასა“ და აზარტული თამაშების ლობისტებს შორის კორუფციული გარიგება შედგა“

პარლამენტარების მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე აჭიანურებს, საბოლოოდ, საპარლამენტო ტექნიკის ხარვეზით ჩავარდა. თუმცა, ეს ოფიციალური მიზეზია, არაოფიციალურად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, “ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო. გოგიჩაიშვილის თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სარეკლამო ბიზნეს პარლამენტში ლობისტები ჰყავს. ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა.

„ეს არის ლობირების და ამ შემთხვევაში ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც მონოპოლია ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან აქვს მოპოვებული და ამ კომპანიას ჰქვია “აუთდორი”. ამის გამო ჩავარდა კანონპროექტი, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. პირადად მამუკა ბახტაძეს მივმართავ, მათ არ ეყოთ გამბედაობა ემოქმედათ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და დაიჭირეს მონოპოლისტური კომპანიის მხარე, რომელსაც თბილისის მერიამ ხელახლა გაუგრძელა ინტერესი გარე რეკლამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლიურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ვფიქრობ, ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის,“—განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლეს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იგი ჩავარდა, პირადად მას უკავშირდება.

„ეს აზარტული სივრცე, პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყანას აუბედურებს. არ არსებობს ლოგიკა, რომ პოლიტიკოსმა მხარი არ დაუჭიროს ამ იდეას იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური თვალსაზრისით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს ასე არ დავტოვებთ და მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს კანონპროექტი,“ — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის, რომ სათამაშო ბიზნეს ჰყავს გავლენიანი მფარველები ადასტურებს ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. ექსპერტი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყევტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სათამაშო ბიზნეს აქვს გავლენა და ახერხებს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და ჩვენს ქვეყანას.

„სამწუხაროდ, რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნებოდა პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯი. ეს იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში, ასევე ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიშში მოხვედრილა სათამაშო ბიზნესი, როგორც ფულის გათეთრების რისკის მატარებელი. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება არ ითვალისწინებს. თუ ჩვენ ამ კანონს ვერ ვიღებთ, მაშინ იმ რეგულაციებს რომელიც აუცილებელია აზარტული თამაშების დასარეგულირებლად და რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, გამოდის, რომ ვერასდროს მივიღებთ, რადგან უფრო მეტი წნეხი მოჰყვება, უფრო დიდი გავლენის მქონე წრე ჩაერთვება. მე არ მესმის რატომ ხდება ამ ფაქტის უგულვებელყოფა. ერთადერთი მიზეზი რასაც ვხედავ არის ის გავლენა, ის დიდი ფული, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმულირებით შესულ კანონპროექტსაც ბევრი მსჯელობა მოჰყვება და საბოლოოდ ამ კანონსაც ვერ მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ეჭვები იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას გარკვეული ინტერესები აქვთ სათამაშო ბიზნესისადმი, გაჩნდა სამოქალაქო სექტორშიც. შედეგად შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ილია ჩხეიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო მოსახლების მძიმე სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და პრობლემის მოგვარებისთვის უკვე წლებია ქმედით ნაბიჯს არ დგამს. ორგანიზაცია პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩართვას გეგმავს, მათ მუშაობა ახალი კანონმდებლობის მიმართულებით უკვე დაიწყეს. ჩხეიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო კუთხით იმ დეპუტატებთან ითანამშრომლებს, რომელებიც პრობლემით დაინტერესებულები არიან.

შეგახსენებთ, ექვსი დეპუტატის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა:

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას – კანონპროექტის მიზანია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში, ასევე, აზარტული და მოგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას – კანონპროექტის მიზანია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა მაუწყებლობის საშუალებით, გარდა სპონსორობისა, რა დროსაც, ნებადართული იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის (ლოგოტიპის) გავრცელება.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას – კანონპროექტის მიზანია, აიკრძალოს ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას.. ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას – საქართველოს მოსახლეობაში აზარტული და მომგებიანი თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის გამო და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირებისათვის “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში გათვალისწინებულია აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესი. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული წესის აღსრულებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნას.

commersant.ge

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares