ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, შავ ზღვაში გამალებული მილიტარიზაცია დაიწყო

შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთს შორის ვითარება უფრო და უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც 4 აპრილის ნატო-ს მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ალიანსი შავ ზღვაში გააქტიურდება, ხომალდების რაოდენობასა და საჰაერო თავდაცვას გაზრდის, ასევე საქართველოსა და უკრაინას დახმარებასა და მხარდაჭერას გაუზრდის, რუსეთმა საპასუხოდ შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ამერიკული გამანადგურებელი ხომალდები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა. პლუს ამას, სრულად გაწყვიტა ნატო-სთან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხაზით თანამშრომლობა და მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას ისევ აგრძელებს.

მოსკოვში მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ ნატო შავ ზღვაში თავისი აქტივობის “უპრეცედენტო გაძლიერებას” “რუსეთის აგრესიის შეკავებას” უწოდებს და პროპაგანდისტული განცხადებები კეთდება, რომ “მოსკოვი სხვა ქვეყნებს არ უქმნის საფრთხეს”, მაგრამ “უპასუხოდ არ დატოვებს ქმედებებს”, რაც მისი ინტერესებისათვის სახიფათოა.

უსაფრთხების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა შავ ზღვაზე აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა რუსული საფრთხე, ამიტომაც სწორედ ამის პასუხი იყო ნატო-სგან გააქტიურებაც, რომელიც ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელი იყო.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ შავ ზღვაში რუსეთსა და ნატო-ს შორის ინციდენტიც ვიხილოთ, რუსეთი ამაზე წავა.

“პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი იმისათვის, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს ქვეყნის შიგნით, ამგვარ ავანტიურაზე წავა და, ბუნებრივია, დააბრალებს ნატო-ს. ბუნებრივია, შავზე თეთრს იტყვიან და პირიქით”, – ამბობს მაისაია.

ცნობისათვის, ამჯერად, რუსეთის დიდ უკმაყოფილებას იწვევს შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლების შემოსვლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელ “როს”-ის შესვლის შემდეგ სანაპირო რადიოაღჭურვილობის კონტროლი გაძლიერდა. გარდა ამისა, ამერიკული გამანადგურებლის ქმედებებს აკვირდება საპატრულო ხომალდი “ვასილი ბიკოვი” და სადაზვერვო ხომალდი “ივან ხურსი”.

რუსული მედიის თქმით, ბოლო წლებში რუსეთი თავის საზღვრებთან ახლოს ნატო-ს უპრეცედენტო აქტივობას ეჯახება და ეს მიუღებელია. იწერება, რომ მიუღებელია აპრილის დასაწყისში ვაშინგტონში მიღებული დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს მიერ შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ზომების მიღებას გულისხმობს და რომელიც ითვალისწინებს წვრთნებს, ინფორმაციების გაცვლასა და პორტებში ამერიკული გემების შესვლას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატო-ს გაზრდილი აქტივობა ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას, თანაც როდესაც “რუსეთის შეკავებასა” და “შესაბამის რეაგირებაზეა” დაპირება.

სწორედ ნატო-ს მიერ გაცხადებული ამ მიზნის გამო, რუსეთმა საპასუხოდ ნატო-სთან სამოქალაქო და სამხედრო ხაზით თანამშრომლობა სრულად შეწყვიტა რამდენიმე დღის წინ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნატო-ს ბრალია, რადგან “არ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით”.

“დღევანდელი კრიზისი არ არის პირველი, მაგრამ არის ყველაზე ხანგრძლივი. სამოქალაქო და სამხედრო ხაზით თანამშრომლობა მთლიანად შეწყდა. ნატო-მ თავად თქვა უარი რუსეთთან ურთიერთობებში პოზიტიური დღის წესრიგზე. ის არ არსებობს და ჯერჯერობით არ არსებობს ნიშნები, რომ ნატო-ში იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ჩიხიდან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.

გრუშკომ გაიხსენა, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დროებით შეწყდა ადრეც, 1999 წელს, ნატო-ს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის გამო და ასევე 2008 წელს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის გამო.

გრუშკოს განცხადებით, ალიანსი ძალიან შორის წავიდა რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივებაში და, მისი თქმით, ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობისათვის კატასტროფა იქნებოდა.

“რაც შეეხება ნატო-სთან შეიარაღებულ კონფლიქტს, ყველა საღად მოაზროვნე იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება, ეს იქნებოდა კატასტროფა მთელი კაცობრიობისათვის”, – განაცხადა გრუშკომ.

უსაფრთხების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, შავ ზღვაში ბოლო წლების რუსული სამხედრო გაძლიერების გამო ნატო-ს შავ ზღვაში გააქტიურება აუცილებელი იყო.

“ნატო-ს აქვს შექმნილი კონსენსუსური მიდგომა, რომ რუსეთი არის სამხედრო მტერი და ნატო-მ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად – ბალტიისპირეთსა და პოლონეთში განათავსა კოალიციური ძალები. მე-5 მუხლი ამოქმედებულია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

“ახლაც, შავ ზღვაში სამხედრო ესკადრის, მუდმივმოქმედი სამხედრო დაჯგუფების შექმნაც არის მე-5 მუხლის ამოქმედება, რომელიც მიმართულია ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის განსამტკიცებლად. საქმე მართლაც სერიოზულადაა და ამ შემთხვევაში თურქეთის როლი შეიძლება იყოს ტროის ცხენის მომენტი ამ დაპირისპირებაში, რაც ძალიან საყურადღებოა.

“გეოსტრატეგიული ცვლადები არის შეცვლილი. არის საშიშროება, რომ ბოლო მომენტში თურქეთმა უკან დაიხიოს და არ შეასრულოს ნატო-ს ვალდებულებები რუსეთთან მიმართებაში, რაც ალიანსისთვის დარტყმა იქნება. ეს ტენდენციები ჩანს. თურქეთსა და რუსეთს შორის დაიწყო სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების განვითარება, რაც, პრინციპში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოსათვის მიუღებელი უნდა იყოს. ამდენად, სიტუაცია ძალიან არაორდინალური და რთულია”, – ამბობს მაისაია.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირებასაც ჰქონდეს ადგილი, შეიძლება, რუსეთი ამაზეც წავიდეს.

“რუსეთს ამგვარი პრეცედენტი გააჩნია, როდესაც 1985 წელს საბჭოთა კავშირის ორმა ხომალდმა პირდაპირი ტარანი მიიტანა ამერიკულ ხომალდზე. რუსები ეძებენ საბაბს, რომ კონფრონტაციულ მოდელზე წავიდნენ. პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი, იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს ქვეყნის შიგნით, ამგვარ ავანტიურაზე წავა. რუსეთი ემზადება, რომ კონფრონტაციაზე წავიდეს და რეალურ ქმედებაში გამოხატოს თავისი აგრესიული ნაბიჯები”, – დასძენს მაისაია

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares