კვარაცხელიას სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსი ოფიცრების ვინაობა ცნობილია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან თვენახევარია გასული და ცენტრი „ემპათია” უკვე მეორედ ითხოვს, რომ შს სამინისტრომ და პროკურატურამ ბაზის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

როგორც „ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „რეზონანსთან” აცხადებს, მათ საკუთარი ძალებით შეძლეს ნაბაკევში მდებარე რუსული ბაზის ხელმძღვანელის ვინაობის დადგენა. ის სერგეი იატინია. ხოლო გალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს ალექსეი კუტკოვი ხელმძღვანელობს და ორგანიზაციამ პროკურატურას და შს სამინისტროს უკვე მეორედ ოფიციალურად მიმართა, რომ ამ კონკრეტული პირების წინაღმდეგ დაიწყოს გამოძიება.

„ოფიციალურ განცხადება შევიტანეთ შს სამინისტროში, სუს-ში. ამჯერად გვარებიც მივაწოდეთ რუსული სამხედრო ბაზების სავარაუდო ხელმძღვანელების. რატომ არ ახორციელებენ სამართლებრივ დევნას, რატომ არ ახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და რატომ არ რთავენ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, ჩვენთვის ეს გაუგებარია,” – აცხადებს ჯიშკარიანი.

იგი ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართეს, რომ დაჩქარდეს ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, პირების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება, ასევე ექსპერტიზის დასკვნა აუცილებელია, რომ პროცესი დაჩქარდეს და საქმე სტრასბურგში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს.

„დასკვნის გარეშე ვერ ვიტყვით სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი. ვერ ვიტყვით, ეს თვითმკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა. ასევე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჯერ გარდაიცვალა და შემდეგ ჩამოკიდეს, თუ არა.

„ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, სამწუხაროდ, იგვიანებს. მივმართავთ მათ, რომ თუ შეიძლება დააჩქაროს დასკვნა. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის ფორმატში ვთხოვეთ, რომ გამოეთხოვა სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე არ არსებობს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია.

„ასევე რუსეთის პროკურატურას მოვთხოვეთ გამოეგზავნა აღნიშნული დასკვნა და განემარტა, მიმდინარეობს თუ არა ძიება და დამნაშავე პირების იდენტიფიცირება, თუმცა პასუხი არც მათგან არ მიგვიღია.

„ჩვენ სწრაფი ტემპებით მოვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა ხელშეწყობა გვჭირდება ქართული მხარის გამოძიებისაგან, გვჭირდება ექსპერტიზის დასკვნები და გამოძიების მასალები და ცოტა მეტი ადეკვატურობა ამ მიმართულებით,” – აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, შს სამინისტროში ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე გაუგებარი პასუხი მიიღეს.

„შს სამინისტროდან ჩვენს პირველ წერილზე სრულიად არაადეკვატური პასუხი მოვიდა, რომ მიმდინარეობს ძიება. ამ დროს ჩვენ ვთხოვდით, მოეხდინათ იდენტიფიცირება სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის და ისინი პასუხისგებაში მიეცათ, რაც არ მოხდა.

„არაადეკვატური პასუხი მივიღეთ. ამჯერად თავად ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება. ახლა შს სამინისტრომ უნდა დაადასტუროს, არიან თუ არა ეს ადამიანები ხელმძღვანელები და პასუხისგებაშიც უნდა მისცემ. ბაზის ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელია იმაზე, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხდება სამოქალაქო პირების დატყვევება, თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ არის აქამდე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ეს ხელმძღვანელობა მოხვედრილი და რატომ არ მიმდინარეობს მათზე სამართლებრივი დევნა,” – ამბობს ჯიშკარიანი.

„რეზონანსი” შეეცადა ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 12 მარტს საღამოს გავრცელდა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 10 მარტს დააკავეს და სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. დაურ კოვეს მტკიცებით, კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში მარტო ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო.

„ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა”, – განაცხადა დაურ კოვემ.

თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ნახევარძმას პაატა უზარაშვილს. ის ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. როგორც მან „ლაივპრესს” განუცხადა, გარდაცვლილს თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება სილურჯეები, ხოლო თვალის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა. პაატა უზარაშვილის თქმით, მისი ძმა წამებისას შემოაკვდათ და შემდეგ თვითმკვლელობის სცენა დადგეს.

„ნაწამებია და ნაცემია საწყალი ბიჭი. თვალთან არის დარტყმული და ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის გაშავებული, დაახლოებით 5-10 სანტიმეტრი. შემდეგ გალურჯებულია ნეკნების მხარეც და სადაც ბარძაყი იწყება, ის ადგილიც. ასევე, ზურგზეც არის სილურჯეები. ერთი სიტყვით, ნაწამებია”, – ამბობს უზარაშვილი.

გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ნათესავები უკვე ერთ თვეზე მეტია ელოდებიან.
რეზონანსი

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares