რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აშშ-გან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს

„თავდაცვის კუთხით, ამერიკა აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია. ბოლო პერიოდში თავდაცვის კუთხით, რაც კი რაიმე გაკეთდა, აშშ-სთან ახლო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შესახებ საუბრისას, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა და მნიშვნელოვან დოკუმენტად არის მიჩნეული.

რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა, დღევანდელ რეალობაში რა პრაქტიკულ ასახვას ჰპოვებს და საერთოდაც, აშშ-სა და საქართველოს შორის რა დონის ურთიერთობები არსებობს, – ქართულმა მხარემ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა უფრო მაღალი დონის გახდეს?

კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ვაშინგტონში გაფორმებული ეს დოკუმენტი საქართველოს მსხნელად მოევლინა.

ანალიტიკოსი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ს მოკავშირე არ არის და ამერიკულ მხარეს საქართველოსთვის არც სამხედრო დამხარების გაწვა შეუძლია, თუკი ამის აუცილებლობა დადგება.

„ამ ქარტიის ხელმოწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველომ, ფაქტობრივად, დსთ პოსტსაბჭოური სისტემა დატოვა, – გარკვეულწილად იყო იზოლაციაში და აქედან გამომდინარე, მას მხარდამჭერი ინიციატივა სჭირდებოდა, რომელიც ამ იზოლაციის დაძლევაში დაეხმარებოდა. ამ კუთხით, ამ ქარტიის ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობა სხვა დონეზე აჰყავს და მთლიანობაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„ქარტიის ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აშშ-ს სამხედრო მოკავშირე გახდა, – ეს ასე არ არის. იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მაშინ აშშ და სხვა მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან საქართველოს უსაფრთხოება დაიცვან, თუმცა ეს უფრო აშშ-ს მხრიდან კეთილი ნებაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებს ხელი შეუწყოს.

„ამიტომაცაა ჩაშლილი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები, რომელიც მთლიანობაში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ტრანსფორმაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომ ის ნატო-სა და ვეროკავშირის წევრი გახდეს.

“დღევანდელი მოცულობით, აშშ-ს მოკავშირე ჩვენ არ ვართ და ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს, თავდაცვის გარანტიებს არ იღებს, მაგრამ დანარჩენს, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების რეფორმებს, ორმხრივ ურთიერთობებს, თუმცა ეს სამწუხაროდ, არ გულისხმობს ვალლდებულებებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება დაიცვას,” – აღნიშნავს ის.

რა შემთხვევაში იქნება ვალდებული აშშ საქართველოს უსაფრთხოება დაიცვას?

კაკაჩია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდება.

„აშშ-ს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ტაილანდთან, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არიან კიდევ სხვა ქვეყნები, – ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა. წლები დასჭირდა აშშ-ს პოლიტიკური ელიტას ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

“საქართველოს ძალიან კარგი, სტრატეგიული ურთიერთობები აქვს აშშ-სთან, მაგრამ იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა გარკვეული ვალდებულება აიღოს, ადვილი არ არის. ამაში პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს დარწმუნებული და ამასთანავე ხელს უშლის რუსეთის ფაქტორიც.

„აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმაროს, – ის აკეთებს კიდევაც ამას, მაგრამ იმისათვის რომ აშშ-მა სხვა ქვეყანას გარანტიები მისცეს, ასე ადვილად არ ხდება, – ამას გარკვეული კონტექსტი სჭირდება, რასაც საქართველო ჯერჯერობით ვერ აკეთებს.

„თუ სიტუაცია ისე წავიდა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გაიწელა, მაშინ ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტია, რომ ჩვენ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, რომლის დროსაც, აშშ საქართველოს უსაფრთხოების მხრივ, ვალდებულებას აიღებდა, თუმცა ჯერჯერობით ეს მისია რთული შესასრულებელია.

“აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-ს წევრობას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვიცით სხვა ქვეყნების მოსაზრებები, – რა პრობლემები არსებობს,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares