“ისრაელისა და ირანის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება უკვე დაიწყო“ – ამერიკული ფლოტი სპარსეთის ყურეს უახლოვდება

„ირანი პალესტინას უკვე მიემხრო, პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომელიც ღაზის სექტორში მოქმედებენ. ჩავთავლოთ, რომ ისრაელისა და ირანის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება უკვე დაიწყო,” – ასე აფასებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ისრაელისა და პალესტინის სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, აშშ-სა და ირანის კიდევ უფრო მეტად დაძაბულობას.

ისრაელსა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის ორდღიანი სამხედრო შეტაკების შემდეგ, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ეგვიპტისა და გაეროს შუამავლობით მოხდა. ზავის მიუხედავად, 6 მაისს სამხრეთ ისრაელში სკოლები დახურული იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და პალესტინელებს რაკეტების გაშვების შეწყვეტისკენ მოუწოდა. იგი მიიჩნევს, რომ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები, პალესტინელებს მხოლოდ უბედურებას მოუტანს.

4-5 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტის გაშვების საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში 320 სამიზნე დაბომბა, რის შედეგად, ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის პარალელურად, აშშ-სა და ირანის დაპირისპირებაც უფრო მეტად ღრმავდება, – ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოხატავს, რომ ირანის რეჟიმს შესაბამისი პასუხი გასცეს. იგი ირანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით, ამის საპასუხოდ აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი” გაგზავნა. როგორც სააგენტო „როიტერი” იუწყება, სპარსეთის ყურეში ავიამზიდის გაგზავნა აშშ-ის სამხედრო ძალებზე შესაძლო თავდასხმებს უკავშირდება.

ბოლტონის თქმით, სამხედრო ხომალდის გაგზავნა ირანის რეჟიმის მიმართ ცხადი და უტყუარი სიგნალია, რომ აშშ-ის ინტერესებზე ან ვაშინგტონის მოკავშირეებზე ნებისმიერ თავდასხმას საპასუხო რეაქცია მოჰყვება, – „აშშ-ი ირანის რეჟიმთან ომს არ ეძებს, მაგრამ ჩვენ სრულად მზად ვართ, რომ ნებისმიერ თავდასხმას ვუპასუხოთ,” – განაცხადა ბოლტონმა.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ირანი პალესტინაში რადიკალური დაჯგუფებებს მფარველობას უწევს და შესაბამისად, იგი უკვე მიემხრო პალესტინას. მისი თქმით, ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია.

„ეს პირდაპირ უკავშირდება, ამერიკის მიერ ირანის მიმართ სრული ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ამერიკელებს კარგად ესმით, რომ დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა დაცვის კორპუსს შეუძლია ამერიკის მიმართულებით ნავთობის მიწოდების სრული ბლოკადა მოახდინოს, რაც მთელი ენერგომოხმარების უძრავს პროცესს წარმოადგენს, – ამერიკული ენერგომოხმარება სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მოდის.

„ირანის ეს დაჯგუფება ამერიკამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რა თქმა უნდა, ვალში არც ირანის ისლამური რესპუბლიკა დარჩა, – ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც აღმოსავლეთშია, ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს,” – აღნიშნავს ის.

მაისაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა და ღაზის სექტორმა შეთანხმებას მიაღწიეს, შეტაკების განახლება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.

„ტერორიზმის ბრალდებით, შეიძლება ორივე ქვეყანამ სამხედრო ოპერაციები წამოიწყოს. ამერიკა-ირანის ურთიერთობა ისედაც არ იყო ჰარმონიული, მათ შორის კიდევაც არსებობდა სამხედრო დაპირისპირების ელემენტები. ირანისა და ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს შორის მანამდეც იყო შეტაკებები. დღეს სიტუაცია გაცილებით სერიოზულია. როგორც ჩანს, ამ დაჯგუფებამ შემთხვევით არ დაიწყო მასობრივი შეტევები ისრაელის წინააღმდეგ. ეს უკავშირდება ირანის პოლიტიკას, – ამერიკელებს აჩვენონ, რომ სპარსეთის ყურეში, აღმოსავლეთში და შეიძლება კავკასიაშიც ირანს გააჩნია ძალა. შესაძლოა მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბოს.

„ამერიკელებმა ავაიმზიდი გაგზავნეს – ოპერატიულ-სტრატეგიულ სარდლობის მეხუთე ფლოტს აქვს მიზანი და ამოცანები, რომ სწორედ სპარსეთის ყურეში აკონტოლოს სიტუაცია და ამერიკის სამხედრო ინტერესები დაიცვას. ყველა სცენარი მოსალოდნელია.

„დღეს მხარეებმა დაზავებას მიაღწიეს, მაგრამ ეს დაზავება შეიძლება ნებისმიერ დროს მყიფე იყოს. ეს არის ირანის მიერ სამხედრო ძალის მუსკულების დემონსტრირება. ირანმა, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო სირიის ტერიტორია და იქ განათავსა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა – ირანიდან პირდაპირ სირიის მეშვეობით, იგივე პალესტინის ღაზას სექტორში და ლიბანში, ირანის მიერ წარმოებული შეიარაღება შედის და ისრაელზე თავდასხმას ახორციელებენ. ირანის საგარეო პოლიტიკის ამოცანაა ისრაელის, როგორც სახელმწიფოს განადგურებ. ჩავთავლოთ, რომ ისრაელისა და ირანის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება უკვე დაიწყო,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
„რეზონანსი”

Facebook Comments

×

Like us on Facebook

shares