„მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მადა არ მცირდება

გლობალურ ინტერნეტზე ტარიფი სამჯერ შემცირდა, თუმცა მომხმარებლებისთვის ფასები უცვლელი რჩება
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.

კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო.

როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.

ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად.
ერთის მხრივ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, რადგან გლობალურ ინტერნეტზე ფასის ასეთი რადიკალური შემცირება კომპანიების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ოპერატორების ხარჯებს, რომლებიც ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის პირობებში განვითარებას ვერ ახერხებენ. ასევე, ფიქსირდებოდა ფაქტები, როდესაც ქართული ოპერატორებისგან ნაყიდი გლობალური ინტერნეტი სომხეთში საცალო ქსელში უფრო იაფად იყიდებოდა, ვიდრე საქართველოში. ახლა კი სიტუაციის შეცვლის რეალური შანსი არსებობს, თუმცა უფრო მცირე ოპერატორების და არა „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ შემთხვევაში. ვინაიდან, რთულად წარმოსადგენია, რომ ეს ორი კომპანია, რომელიც მუდამ მაქსიმალურად მაღალი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, ხარჯების შემცირების მიუხედავად ფასებს შეამცირებს.

ბაზარზე ფაქტობრივად არსებული ოლიგოპოლიის პირობებში, „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მადა არ მცირდება. შესაბამისად, გაუგებარია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაც, როდესაც ერთის მხრივ გლობალურ ინტერნეტზე დააწესა ზედა ზღვარი და მეორეს მხრივ არ გაითვალისწინა მომხმარებელთა ინტერესები და იგივე ზედა ზღვარი არ დაუწესებია საცალო ქსელის შემთხვევაში. პირიქით, ისიც კი განაცხადეს, რომ ბაზარზე კონკურენტული სიტუაცია გვქონია. საინტერესოა მარეგულირებელი კომისია რამდენად კონკურენტულად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხარჯების სამჯერ შემცირების მიუხედავად „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ არ დაუანონსებიათ საცალო ქსელში, მომხმარებლებისთვის, არსებული ინტერნეტპაკეტებზე ტარიფების შემცირება.

ანუ რა გამოდის, მარუგილირებლის ამ გადაწყვეტილების შედეგად კვლავ ორი კომპანია „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ იხეირებენ, მათთვის ხარჯები შემცირდება, მოგება გაიზრდება, ხოლო მოქალაქეებისთვის ყველაფერი უცვლელი დარჩება, ისინი კვლავ მაღალ თანხებს გადაიხდიან მომსახურებაში. ერთადერთი რაც ობიექტურობას ანიჭებს ამ გადაწყვეტილებას არის ის, რომ მცირე და საშუალო ოპერატორებს შეუმცირდებათ ხარჯები, თუმცა ბაზრის ორი გიგანტის წინაშე ფაქტია, რომ ისინიც უძლურნი არიან და მათთვის რეალური კონკურენციის გაწევას სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ.

გიორგი რანი

Facebook Comments

საინტერესო თემები რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

×

Like us on Facebook

shares