Press "Enter" to skip to content

ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგებაზე გამოძიება არ იწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლაზე გამოძიებას არ იწყებენ. საუბარია ყინწვისის მეთორმეტე საუკუნის მონასტრის იატაკზე საეკლესიო პირების მიერ მეტლახის თვითნებურად დაგებაზე.

პროკურატურის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მათი კომპეტენცია არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა მიმართოს, სხვა შემთხვევაში გამოძიება ვერ დაიწყება.

როგორც On.ge-მ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გაარკვია, მათ არ ჰგონიათ, რომ მეტლახის დაგებით მეთორმეტე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა.

დღეს, 10 აგვისტოს Facebook-ზე ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ყინწვისის მამათა მონასტერტში მარმარილოს მეტლახი დააგეს. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტო ყინწვისში მიმდინარე სამუშაოებს”თვითნებობასა” და “უკანონობას” უწოდებს. ისინი ამბობენ, რომ სცადეს ამ პროცესის შეჩერება, თუმცა სასულიერო პირებმა არ შეუშვეს.

ისტორიული ფაქტები ყინწვისის მონასტერზე

ყინწვისის მონასტერი მე-12 საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელსაც მეუფე იობი განაგებს.

ყინწვისის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებზე სიუჟეტი რუსთავი 2-მაც მოამზადა. ტელევიზიის ცნობით, ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს

More from საზოგადოებაMore posts in საზოგადოება »