ოქტომბერი 19, 2019

მოხდება თუ არა გადატრიალება აფხაზეთში – ორი აქცია და კომიკური სიტუაცია სოხუმში

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას სამშაბათს ოფიციალურად მიულოცა „პრეზიდენტად” არჩევა, სოხუმში ვითარება საკმადო დაძაბულია. ოპოზიციონერი პრეტენდენტი ალხას კვიცინია „არჩევნების მეორე ტურში” დამარცხებას არ ცნობს და ჯერ „სამართლებრივ დავას”, შემდეგ კი მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამ „არჩევნებთან” დაკავშირებით კი სამართლებრივი თვალსაზრისით მართლაც კომიკური სიტუაციაა შექმნილი.

საქმე ისაა, რომ წმინდა სამართლებრივად, ანუ აფხაზური ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის შედეგები უნდა გაუქმდეს და ახალი „არჩევნები” დაინიშნოს. თუმცა, რასებობს არაფორმალური შეთანხმება კვიცინიასა და ხაჯომბას შორის, რომელიც მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღწეული და მის მიხედვით მეორე ტური ხაჯიმბამ მოიგო.

სიტუაციის კომიკურობა იმაშია, რომ დე ფაქტო საარჩევნო კომისია „არჩევნების” საბოლოო შედეგების გამოცხადებისას დაეყრდნო არა „კანონსა” და „კონსტიტუციას”, არამედ ორი კაცის არაფორმალურ შეთანხმებას და გამარჯვებულად ხაჯიმბა გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად, აფხაზურა „კანონის” თანახმად, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც „არჩევნებში” მინაწილე მოქალაქეების ხმების უმრავლესობა მიიღო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი „არჩევნებში” მონაწილეობა მიიღო 83 883-მა ადამიანმა. შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებისათვის რომელიმე კანდიდატს უნდა მიეღო ამ რაოდენობის ნახევრზე მეტი, ანუ მინიმუმ 41 942 ხმა. თუმცა, ხაჯიმბას მხოლოდ 39 741-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, კვიცინიას კი – 38 742-მა.

შესაბამისად, რადგანაც „არჩევნებში” მონაწილეთა ხმების უმრავლესობა ვერავინ მიიღო, „კანონის” თანახმად, გამარჯვებული გამოვლენილი არ არის.

ამგვარი სურათის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა „საარჩევნო ბიულეტენებში” კანდიდატების გვარის გარდა კიდევ ერთი პოზიციის ჩამატებამ – „ყველას წინააღმდეგ”. ხმების დათვლისას გაირკვა, რომ „ყველას წინააღმდეგ” 3 154-მა ამომრჩეველმა შემოხაზა და შესაბამისად, არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

ამის პარალელურად არსებობს ხაჯიმბა-კვიცინიას არაფორმალური შეთანხმება – „არჩევნებამდე” 4 დღით ადრე მათ მოილაპარაკეს, რომ გამარჯვებულად ის გამოცხადდებოდა, ვინც უბრალოდ თავის ოპონენტზე მეტ ხმას მიიღებდა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ სწორედ ამ შეთანხმებით იხელმძღვანელა და რადგანაც ხაჯიმბამ თავის ოპონენტზე 999-ით მეტი ხმა მიიღო, გამარჯვებულადაც სწორედ ის გამოაცხადა.

დღეს ხაჯიმბას მომხრეები კვიცინიას სწორედ ამ არაფორმალური შეთანხმების დავიწყებასა და იგნორირებაში ადანაშაულებენ. თუმცა, თავის მხრივ კვიცინია ცახდებს, რომ „კანონი” ამ შეთანხმებაზე მაღლა უნდა იდგეს და „საარჩევნო კომისიის” გადაწყვეტილებას „უზენაეს სასამართლოში” ასაჩივრებს.

მდგომარეობის სირთულეზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ სამშაბათს სოხუმში ერთმანეთის პარალელურად ორი მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა – ერთი კვიცინიას და მეორე ხაჯიმბას მომხრეების.

10 სექტემბერს სოხუმში „ამცახარას” შტაბთან ალხას კვიცინიას მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებმაც „არჩევნების” შედეგების „სასამართლოში” გასაჩივრება გადაწყვიტეს. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ დე ფატო უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს ისევ შეიკრიბნენ.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თუ საჭირო გახდება, არ დავიძინებთ. ჩვენი მოქმედებები სამართლიანობასთან მიგვიყვანს. გვინდა, რომ სასამართლომ მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.არავის საფრთხეს არ ვუქმნით. უბრალოდ გვსურს, რომ სამართალმა იზეიმოს. ჩვენი დამოუკიდებელი სასამართლოს დახმარებით, მხარს დავუჭერთ მის დამოუკიდებლობას. ჩვენ ერთად ვიქნებით და ვიქნებით ძლიერები”, – განაცხადა კვიცინიამ მხარდამჭერებთან შეკრებაზე.

ამ აქციის პარალელურად „არჩევნებში” გამარჯვებული კანდიდატი რაულ ხაჯიმბა და მისი მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ. მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას ხაჯიმბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპოზიციური ძალის უკმაყოფილობისა „არჩევნები” ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების მიერ არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა.

„დებატების დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რომელიც გაიმარჯვებდა, მივულოცავდით და ამ საუბრის შემდგომ, ისინი დღეს უკვე აღარ სცნობენ არჩევნების შედეგებს. ეს მათი მხრიდან ძალიან არასწორია.

„ისინი სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ. ასევე ცდილობენ ხალხის შეკრებას და იმის დემოსნტრირებას, რომ სასამართლომ მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„არჩევნები უკვე ჩატარდა, შედეგები აშკარაა და ჩვენ ჩვენი საქმე მშვიდად უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა ხაჯიმბამ მხარდამჭერებთან.

კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბას გამარჯვება შეგნებულად დაჩქარებული წესით მიულოცა, რათა ხაჯიმბას პოზიციები გაემყარებინა და სიტუაცია დაეცხრო.

„მე უფრო მგონია, რომ სიტუაცია შეუქცევად დაძაბულობისაკენ არ უნდა წავიდეს. იქნება რაღაცა დაძაბულობა და ალბათ შემდგომში დაცხრება. თუმცა, გამორიცხული არაა შეუქცევადი დაძაბულობაც.

„საქმე ისაა, რომ სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას გამარჯვება უკვე მიულოცა და ამით შეატყობინა აფხაზურ საზოგადოებას რუსეთის ხედვა და პოზიცია. ანუ, პუტინმა სპეციალურად, შეგნებულად იჩქარა, რათა ხაჯიმბას პოზიციები გაემყარებინა. ბუნებრივია, აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის (არა ყველასთვის) მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიციები და შესაძლოა ამან დააცხროს ვნებები.

„მგონია, რომ სასამართლო ხაჯიმბას სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება მისი პოზიციების გასამყარებლად. ამიტომ, გამიჭირდება თქმა კვიცინიას მომხრეებს ეყოფათ თუ არა შუქცევადი პერმენენტული წინააღმდეგობის გაწევის ძალა.

„თუ ჩვენ გავიხსენებთ ანქვაბის წინააღმდეგ მოქმედებებს, მის წინააღმდეგ თვითონ რუსეთი იყო. რუსეთი იყო დაინტერესებული, რომ ანქვაბი წასულიყო, ამიტომაც ხელს უწყობდა მის წინააღმდეგ მოქმედებებს და „ვადამდელ არჩევნებს”, სადაც უკვე ხაჯიმბამ გაიმარჯვა, შედარებით კიდევ უფრო მეტად პრორუსულმა ძალამ.

„დღეს აფხაზეთის „ხელისუფლებაში” უფრო მეტად გარანტირებული პრორუსული ძალაა. შესაბამისად, რუსეთი დაინტერესებულია მისი შენარჩუნებით და გამოიყენებს ყველაფერს, რათა ხაჯიმბას მხარი დაუჭიროს.

„თუ რუსეთმა პროტესტანტებს მხარი არ დაუჭირა, მათ გაუჭირდება დიდი ხნით ქუჩაში ყოფნა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძლა. თუ ვითარება გაიწელა, რუსეთიდან დეპუტატები ჩავლენ, პოლიტიკოსები და შეცდებიან რაღაცნაირად დაალაგონ სიტუაცია მხარეებს შორის, ოღნდ ხაჯიმბას დარჩენის პირობით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე აზრით, დამარცხებული კანდიდატის ალხაზ კვიცინიას პროტესტს აზრი ექნება, თუ იგი რუსეთს რაიმეს გამოსტყუებს, თუნდაც შედარებით დაბალ თანამდებობას.

„კვიცინიას პროტესტს აზრი აქვს, თუ ის რაღაცას მიიღებს. არ არის გამორიცხული თვითონ და მისი მომხრეები ცდილობდნენ, რომ რაღაცა მიიღონ პროტესტიდან, თუ არა პრეზიდენტობა, მაშინ მთავრობაში სხვა თანამდებობები. ანუ, პროტესტს მნიშვნელობა აქვს არა იმიტომ, რომ კონკრეტულად ლოზუნგიდან გამომდინარე შედეგს მიაღწიონ, არამედ შესაძლოა რაიმე შუალედურ შედეგს მიაღწიონ. ისინი წავლენ პროტესტზე, თუ მიხვდებიან, რომ რაღაცა შეიძლება გამოსტყუონ რუსეთს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ე.წ. 9 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საარჩევნო კომისიის მიერ „საპრეზიდენტი არჩევნების” მეორე ტურიის გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა „პრეზიდენტმა” არჩევნებში მონაწილეთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა – 46,19%. „ყველას წინააღმდეგ” 3154-მა ადამიანმა (თითქმის 4%) მისცა ხმა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ამომრჩევლების 65,98%-მა (83 883-მა ადამიანმა) მიიღო.