Georgian KA English EN Russian RU

Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმეზე შესვენებაა გამოცხადებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესზე შესვნებაა გამოცხადებული.

სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთში განახლდება, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს განიხილავს.

შესვენების გამოცხადებამდე, პროცესზე შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები აჩვენეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

„გამანადგურებელი მასალები“ – ასე შეაფასეს წარმოდგენილი მასალა დაკავებულებმა.

როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, ვიდეომასალაზე კონკრეტული პირების დაკავებაა ასახული, თუმცა, კონკრეტულად რომელი პირები არიან მასალაში, არ დაუსახელებიათ.

სასამართლოში იმყოფებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. მათი თქმით, მანდატურებმა არ მისცეს საშუალება შეხვედროდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს ვასილ მშვენიერაძეს.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას აინტერესებს სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძისგან, რატონ განიხილავს გუშინდელ აქციაზე დაკავებული 37-ვე პირის საქმეს ერთი მოსამართლე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. მათგან 19 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 18-მა კი, დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა ღამე.