Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი

“აშკარად ჩანდა, რომ მინისტერიალისთვის რუსები ნამდვილად გეგმავდნენ პროვოკაციას. გავიხსენოთ კარასინის განცხადება, საქართველოს ვაპატიებთ 20 ივნისს და ჩავალთ თბილისშიო”

მოსაზრება, რომ რუსეთისა და თურქეთის ბოლოდროინდელი მოკავშირეობა მხოლოდ ტაქტიკური იყო და კონკრეტულმა ვითარებამ განაპირობა, გამართლდა. იდლიბის პროვინციაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ ქვეყნების მოკავშირეობას აშკარად დაუსვა წერტილი. მეტიც, ამ ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული დაპირისპირების დიდი საფრთხეც გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მხარდაჭერილი ასადის არმიის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რის შემდეგაც თურქეთი საპასუხო შეტევაზე გადავიდა. მოგეხსენებათ, ანკარა იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ბაშარ ასადის რეჟიმთან მებრძოლებს. ამ ცოტა ხნის წინ ამ რეგიონში მცხოვრები პროთურქული მოსახლეობის დასაცავად ერდოღანმა შეიარაღებული ძალების დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა. ვითარება მწვავეა, რაც გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე. ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ

ხათუნა ლაგაზიძესთან:

ხათუნა ლაგაზიძე

ფოტო: ხათუნა ლაგაზიძე
fb

 

– რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. თუ რუსეთს ეს თავხედობა შერჩა – სამხედრო პასუხს არ ვგულისხმობ – ის უფრო შორს წავა. ნატოს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ შეშფოთების გამოთქმამ პუტინს შეიძლება ხელ-ფეხი გაუხსნას უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს წინააღმდეგ.

 

2020 წელი რუსი პოლიტოლოგების მოსაზრებებითაც გადამწყვეტი იქნება პუტინის იმ გეგმის შესრულებაში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახლა შემომტკიცებას ისახავს მიზნად. თუ თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის ამ ქმედებას მკაცრი სანქციები არ მოჰყვა, არავინ იცის, კიდევ რას იზამს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო 2020 წელი რუსეთმა ბელორუსის მიმართულებით ან როგორ აიძულებს კრემლი უკრაინას მინსკის ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას, რაც ყულფში თავის გაყოფაა.

 

დავუბრუნდეთ ისევ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას. ოფიციალური თურქეთიდან სხვადასხვა შეფასება გაისმა: ხელისუფლების ერთი ნაწილი რუსეთს ადანაშაულებს, მეორეს კი ეს ასადის კონტროლირებადი ძალების თავდასხმად მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი მაინც ერიდება რუსეთთან ურთიერთობის უფრო გამწვავებას. ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ რუსეთს თითქოს ბოსფორს ჩაუკეტავდნენ და არ მისცემდნენ რუსულ სამხედრო გემებს გადაადგილების საშუალებას. ბოლო ინფორმაციით, ეს მუქარად დარჩა. თუმცა მოვისმინეთ ისიც, რომ შესაძლებელია თურქეთმა რუსეთს სიტუაცია შიგნიდან აუფეთქოს და მრავალმილიონიანი მუსლიმანური თემი აუჯანყოს. ეს პროცესები რომც არ გაგრძელდეს პირდაპირი კონფლიქტის სახით, რამდენიმე გამოწვევა მაინც დადგება დღის წესრიგში, მათ შორის საქართველოსთვისაც – უპირველესად ლტოლვილთა ახალი ნაკადები, რომლებიც ევროპისკენ აიღებენ გეზს, მცირე ნაწილმა კი შეიძლება საქართველოში სცადოს შემოღწევა.

 

შექმნილ ვითარებას შეიძლება მოჰყვეს ტერორიზმის ახალი ტალღაც, რადგან ლტოლვილთა ნაკადს, კაცმა არ იცის, ვინ შეიძლება შეერიოს: იდლიბში მთელი სირიიდან მოიყარეს თავი ჯიჰადისტებმა.

 

ამ პროცესების შემდგომი ესკალაცია პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან მოგეხსენებათ, როგორ არიან ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული საქართველო და თურქეთი, აღარაფერს ვამბობ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც დიდწილად მიბმულია თურქულ ლირაზე.

 

ეს ყველაფერი “მსუბუქი” გვერდითი მოვლენებია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება საქართველოს დაემუქროს რუსეთ-თურქეთის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთი ამას თავს აარიდებს. ამ ორ ქვეყანას კონფლიქტი აქამდეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ასეთი დიდი მსხვერპლი მათ დაპირისპირებას კარგა ხანია არ მოჰყოლია. ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება დასავლეთს და დაუწესებენ თუ არა რუსეთს მკაცრ სანქციებს.

 

რისი მოწმენიც ახლა ვართ, გამაოგნებელია – გერმანიის ყოფილი კანცლერები თუ მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით დგებიან რუსული ენერგოგიგანტების სამსახურში, რაც რუსეთთან მათი ახლო კავშირების დასტურია.

დიდი ალბათობით, ეს კავშირი მათი თანამდებობებზე ყოფნის დროსაც არსებობდა. ამ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დაზვერვის ყოფილი უფროსი რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის – “რაშა თუდეის” წამყვანი იქნება. მეტი ლუსტრაცია ვეღარც წარმომიდგენია. აი, ამ ტიპის ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებმა პუტინს შეიძლება მართლაც გაუხსნას ხელ-ფეხი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენისთვის, რისი სამიზნე შეიძლება საქართველოც გახდეს.

 
– უკვე ცნობილია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გაიმართება, რაც განაპირობა რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელმა ვიზიტმა, რომლის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, იქნებოდა ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი “ოკუპაციის შესახებ”. ამ გადაწყვეტილებას ჩვენში ორგვარი შეფასება მოჰყვა: ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსეთის გამო უარი არ უნდა გვეთქვა ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმის საქართველოში გამართვაზე, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ქვეყანამ დიდი საფრთხე აიცილა თავიდან.

– მნიშვნელოვანია, თუ როდის და რა ფონით უნდა გამართულიყო თბილისში ეს ფორუმი – სულ რამდენიმე თვით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე და რუსეთის საბჭოთა სივრცის რეინკარნაციის სურვილის გათვალისწინებით, დღეს უმთავრესია უსაფრთხოების რისკების შემცირება. იდეალური ვერსია იქნებოდა, საქართველოს მინისტერიალი თბილისში ჩაეტარებინა და დასავლელი პარტნიორების დახმარებით მოეხერხებინა, რომ რუსეთის დელეგაცია ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკომპლექტებული, მაგრამ ლაპარაკია კრემლის თანამედროვე პოლიტიკაზე და ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ საქართველომ ამ შემთხვევაში ორი ცუდიდან უარესი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, რუსეთი საკუთარი დელეგაციის ვიზიტს მორიგი პროვოკაციისთვის გამოიყენებდა. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ქართველი ჟურნალისტების უპრეცედენტო შეურაცხყოფა, რითაც ლავროვმა და შემდგომ მისმა პრესსამსახურმა უპირველესად საკუთარი თავი დაიხურდავეს და აჩვენეს მსოფლიოს, რამდენად დიდი აგრესია აქვთ საქართველოს მიმართ. წარმოიდგინეთ, ისინი ასეთ მარტივ სიტუაციებშიც თავს არ და ვერ იკავებენ და რა შეიძლება გაეკეთებინათ თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში. ბოლო თვეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან დაკავშირებული ყველა განცხადება მიზანმიმართულად გამომწვევი იყო. აშკარად ჩანდა, რომ მინისტერიალისთვის რუსები ნამდვილად გეგმავდნენ პროვოკაციას. გავიხსენოთ კარასინის განცხადება, საქართველოს ვაპატიებთ 20 ივნისს და ჩავალთ თბილისშიო.

 
– საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება. როგორ ფიქრობთ, რუსეთი, რომელიც აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს, რა ტიპის მექანიზმებით შეიძლება შეეცადოს ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარევას?

– მრავალმხრივი მექანიზმით, მათ შორის შეიძლება არჩევნების დღეს სცადოს კიბერშეტევა საქართველოს საარჩევნო კომისიის ელექტრონულ ბაზებზე, თუ დაინახავს, რომ არჩევნები მისთვის არასასურველი შედეგით მთავრდება, რაც დიდ ქაოსს გამოიწვევს ქვეყანაში. ეს, ალბათ, კრემლის მოქმედების ბოლო საფეხური იქნება, მანამდე კი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც წლებია უკვე ახორციელებს. უპირველესად ეს არის ქართველი პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოებრივი აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია, რაც მათი ავტორიტეტის ნგრევას ემსახურება. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდნენ ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერები. ის კვლავაც შეეცდება საზოგადოების პოლარიზაციასაც. რუსული საინფორმაციო ომის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უიმედობის მეტად გაღვივება, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესისა და პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რათა საარჩევნო ყუთებთან რაც შეიძლება ნაკლები ცვლილებების მოსურნე ამომრჩეველი მივიდეს. მოკლედ, ვფიქრობ, არჩევნებამდე რუსული დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული მანქანის მოქმედების სრულ სპექტრს ვიხილავთ.

 
– გასულ კვირას ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპკორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. განიხილეს საარჩევნო საკითხები, მათ შორის, წინადადება, რომ კანონში იმგვარი ცვლილება შევიდეს, 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს. ირაკლი კობახიძის­ განცხადებით, ამ ინიციატივას მმართველი გუნდი იზიარებს. საუბარი ასევე შეეხო მომავალ პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. როგორი პირი უჩანს ამ მოლაპარაკებებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა…

– ერთი მხრივ, ოპოზიცია თვლის, რომ ეს მოთხოვნა მისი მორალური ვალდებულებაა პატიმრობაში მყოფი კოლეგების მიმართ, მეორე მხრივ კი, ჩემი აზრით, ეს არის ბერკეტი, რომ ხელისუფლება დაითანხმოს საარჩევნო ცვლილებების მთავარ პირობებზე. მოკლედ, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, პოლიტპატიმრების თემა სწორედ ამგვარი საკითხი მგონია. როგორც ჩანს, 40%-იანი ბარიერის საკითხი მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ პროპორციული სიით 40% მაინც არ აიღო, მას არ ექნება მთავრობის დაკომპლექტების უფლება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობას, ეს კვლავაც კონსულტაციების თემაა და, სავარაუდოდ, შეთანხმება ამაზეც მოხერხდება. ოპტიმალური თანაფარდობა, ვფიქრობ, 120/30 იქნება. ასეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია 40%-ს აიღებს, ის პროპორციული სიით 48 დეპუტატს გაიყვანს და თუ ყველა მაჟორიტარულ ოლქსაც მოიგებს, სულ 78 დეპუტატი ეყოლება, ანუ უმრავლესობა. თუ “ქართული ოცნება” ამას შეძლებს, ოპოზიციას გასაპროტესტებელი აღარაფერი ექნება. მოკლედ, ახლა დიპლომატებთან ერთად ამ ფორმულაზე მიდის ლაპარაკი. ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი მოდელი, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” მისცემს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას და ოპოზიციასაც გამარჯვების შანსს. “ქართული ოცნება”, თავის მხრივ, შეეცდება მაჟორიტარობის მანდატები 30-ზე მეტი იყოს. ასევე, გააუქმოს ბარიერი, ანუ კვლავ შემოიტანოს ბუნებრივი ბარიერის თემა, რაც მას ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანის საშუალებას მისცემს: უბარიერო არჩევნები ისეთი საცდურია, რომელზეც ბევრი პოლიტიკური პარტია წამოეგება იმ იმედით, რომ 2-3 დეპუტატს დამოუკიდებლადაც გაიყვანს.

– მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, მმართველი პარტია შეუვალი ჩანდა, დღეს კი პოზიცია აშკარად შეცვლილი აქვს.
– ეს ჩვენს ხელისუფლებაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამოძახილია. როგორც ჩანს, კარგად აუხსნეს, რომ დღეს არსებული საარჩევნო პირობებით ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება და “ქართული ოცნება” იძულებულია დათმობაზე წავიდეს, ოღონდ რამდენად, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

 

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც – თუ შეთანხმებას მიაღწიეს, ვის ჩაეთვლება ეს გამარჯვებად. თუ ოპოზიციამ მიაღწია სასურველ შედეგს, გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანია მისი მორალური სტატუსისთვის. მეორე მხრივ, ხელისუფლებასაც სჭირდება გამარჯვებულის რენომე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” პარტიული ვერტიკალისთვის. თუ იგრძნეს, რომ დასავლეთმა ისინი კედელთან მიაყენა და იმავდროულად, ცნობიერებაში ამოტივტივდა 2003 და 2012 წლების ანალოგიები, მაშინ შეიძლება “ოცნების” პარტიულ-სახელისუფლებო ვერტიკალში ფსიქოლოგიური რყევა დაიწყოს. თუმცა იმ წლებში არსებულ ვითარებასთან შედარებით, დღეს მნიშვნელოვნად სხვა გარემოა და ეს ოპოზიციას შეეხება. 2003 და 2012 წლებშიც ამომრჩეველს სახელგატეხილ ხელისუფლებასა და ახალ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევნის გაკეთების საშუალება ჰქონდა. ხალხი მას დიდი იმედით შეჰყურებდა. დღეს ამ ტიპის ოპოზიცია არა გვყავს.

 

ბოლო კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ლამის თანაბრად არ ენდობა: ძველი პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან, ახალ პოლიტიკურ ძალებში კი არ ჩანს ის ენერგეტიკა, რომელიც ელექტორატს ცვლილებების გატარების შესაძლებლობაში დაარწმუნებს და გამარჯვების რწმენას ჩაუნერგავს.

ის პრობლემაც დგას, რომ ოპოზიციას არა ჰყავს გამოკვეთილი მედროშე-ლიდერი. არჩევნებზე მოქალაქეები მიდიან ცვლილებების იმედით და მხარს უჭერენ მას, ვისიც სჯერათ. თუ არ სჯერათ, შინ რჩებიან. დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა სწორედ ამ “პასიური”, მათ შესაძლებლობებში დაეჭვებული ელექტორატის საარჩევნო ყუთთან მიყვანაა.

 
– რა იქნება “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგია, თუ ის დათანხმდება საარჩევნო ცვლილებებს?
– ჩემი აზრით, ხელისუფლება უპირველესად ოპოზიციის ერთიანობის დაშლას შეეცდება – განხეთქილების ჩამოგდებას ე.წ. ახალ და ძველ ძალებს შორის. მთავარი გამყოფი ხაზი იქნება ისევ “ნაციონალური მოძრაობისგან” საფრთხობელას შექმნა და ახალ პოლიტიკურ ძალებში შიშის გაჩენა, რომ ის ამომრჩეველს დაკარგავს, თუ ექსსახელისუფლებო ძალასთან რამენაირად იქნება ასოცირებული. ეს კარგად აჩვენა ამ რამდენიმე დღის წინ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებზე ოპოზიციის ინფორმაციამ და ამაზე ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის რეაქციამ – მათ თქვეს, რომ ისინი მხოლოდ საარჩევნო სისტემის საკითხზე თანამშრომლობენ და არ მონაწილეობენ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაში. ამან აჩვენა, რომ ოპოზიციური ძალების ნაწილი არ მიიღებს საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს, თუ ისინი დიდწილად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით დაკომპლექტდება. ლაპარაკია იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა”. ახალ პოლიტიკურ ძალას არჩევნებამდე დარჩენილ 8 თვეში ძალიან გაუჭირდება ამომრჩეველი საკუთარ ძლიერებაშიც დაარწმუნოს და იმაშიც, რომ ამ ამომრჩეველმა პარალელურად ძველი პოლიტიკური პარტიების, მით უფრო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელ მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი. აი, ამ წინააღმდეგობებზე ითამაშებს “ქართული ოცნება”.

თუ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ეს სახელისუფლებო კანდიდატების გამარჯვების შანსს გაზრდის. ოპოზიცია ახლა დილემის წინაშე დგას – ვინ წამოაყენოს საარჩევნო ოლქებში? პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ ბიოგრაფია და ამბიციები. ისიც ვიცით, რომ ძნელია საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება, ამიტომაც მათგან ბევრს ექნება სურვილი წარდგეს მაჟორიტარ კანდიდატად, მაგრამ ოპოზიციას ვურჩევდი, სანამ შეარჩევს კანდიდატებს, კარგად შეისწავლოს მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან, თუ მაჟორიტარული ოლქები უპირატესად პოლიტიკური ლიდერებით დაკომპლექტდა და პოლიტიკური ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს ოლქები წააგო, ეს დამატებითი დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის.

ვფიქრობ, მაჟორიტარებად უნდა შეარჩიონ მძიმე პოლიტიკური წარსულისგან თავისუფალი პოლიტიკოსები, შესაძლოა არაპოლიტიკური ფიგურებიც და ასევე საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მაინცდამაინც არ ასოცირდებიან. ამით ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნება, რადგან ასეთი ფიგურების გარშემო სხვადასხვა გემოვნების პოლიტიკური ძალების კონსენსუსი გაცილებით გაადვილდება. ასეთი ფიგურები პოლიტიკურ ძალებს ამომრჩეველთან თავის მართლების საფუძველს არ შეუქმნიან.

 

გასაგებია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ლიდერების თუ პარტიების პოლიტიკურ ამბიციამდე დადის, შესაბამისად, ასეთი ნეიტრალური ფიგურები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რომელიმე ოპოზიციურ ძალას შეუერთდებიან თუ დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებენ, ამის გარანტია არავის აქვს და ეს შემაფერხებელი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია მეტი საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. თუმცა მაინც ყველაზე გამართლებულად მიმაჩნია, რომ შეარჩიონ ისეთი პირები, რომელთა მხარდაჭერაც ამ პოლიტიკურ ძალებს ამომრჩეველს არ დააკარგვინებს და რომელთაც მოგების რეალური შანსი აქვთ, და არა ისეთები, რომელთა შანსი და ამბიცია ერთმანეთს აცდენილია. მათ შორის, რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტიკური ლიდერებიც იყვნენ. ეს არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა: დროებით უარი თქვან კერძო პოლიტიკურ ამბიციებზე და თუ მაინცდამაინც რომელიმე პარტიას უნდა დიდი წარმომადგენლობით შესვლა პარლამენტში, ჯერ ერთად გაიმარჯვონ და შემდგომ იფიქრონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 40%, რომელსაც დღეს ოპოზიცია “ოცნებას” უმზადებს საარჩევნო ბარიერად, იმ მახედ იქცევა, რომელშიც თავად გაებმებიან.
Show Buttons
Hide Buttons