საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მათი ინფორმაციით, პროკურორმა ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით 50 ათასი ლარი მოითხოვა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით 20 ათასი ლარი გამოართვა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

წყარო: on.ge