Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
მსოფლიო

სკანდალი რუსეთში – ოსი მეწარმეები ლავროვის პრეს-სპიკერის გადაყენებას ითხოვენ

ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონის მეწარმეთა საბჭო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართავს და სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას გადადგომას ითხოვს. მათ ინტერნეტში შესაბამისი პეტიციაც გამოაქვეყნეს, რომელსაც, სამშაბათის საღამოს მონაცემებით, უკვე 2000-მდე ადამიანი აწერს ხელს.

უკმაყოფილების მიზეზი ჟურნალისტ მიხაილ ზიგართან მარია ზახაროვას სკანდალური ინტერვიუ გახდა. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ ზახაროვამ ინტერვიუში რუსი ხალხი შეურაცხყო, რადგან სოციალური სტატუსის მიხედვით კლასებად დაყო.

ზახაროვამ ინტერვიუში ტურიზმზე საუბრისას თქვა, რომ ადრე ფინანსურად შეძლებული ადამიანები საჰაერო მიმოსვლით სარგებლობდნენ, სათანადოდ ჩაცმულები იყვნენ და ის ადამიანები კი, რომლებსაც შესაბამისი სახსრები არ გააჩნდათ, ე.წ. ავტოსტოპითაც კმაყოფილდებოდნენ და პრეტენზიას არ გამოსთქვამდნენ. მისი თქმით, ახლა ყველფერი აირია და სხვანაირადაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგაც რუსეთის მოქალაქეების უფლებები თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდული იქნება და საზღვარგარეთ მხოლოდ ის რუსები შეძლებენ დასვენებას, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს.

ზახაროვამ მიხაილ ზიგარის „იუთუბ”-არხზე რუსი ტურისტების უპასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომლებიც კორონავისის გლობალური ეპიდემიისა და ავიარეისების გაუქმების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ შესაძლო რისკები არ გათვალეს.

თავისი ინტერვიუს განმავლობაში ზახაროვამ პირდაპირ და ირიბად რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლის უფლება. მაგალითად, იგი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია დასვენების მიზნით საბანკო კრედიტის აღება. ასევე, საზღვარგარეთ არ უნდა წავიდნენ ის მოქალაქეები, ვისაც იპოთეკური ან სხვა სახის საბანკო სესხი აქვს.

ზახაროვას ამ მოსაზრებებმა რუსეთში საყოველთაო კრიტიკა გამოიწვია. ოსი მეწარმეების გარდა, რუსეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც კატეგორიულად ითხოვენ მის გადადგომას, ან, სულ მცირე, საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

Show Buttons
Hide Buttons