Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
პოლიტიკა

ვინ არიან “ოცნების” ახალი სახეები

„ქართული ოცნების” განცხადებით მაჟორიტარი დეპუტატების სიას 20 ივლისს წარადგენენ. პარტიაში ამბობენ, რომ ის ახალი სახეებით იქნება დაკომპექტებული. „ავტორიტეტული იქნება ის კანდიდატი, რომელსაც საკუთარი ფინანსები აქვს”, – ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც 18 ივლისს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა თქვა, „ქართული ოცნება” საკმაოდ მდიდარია საკადრო რესურსიც, შესაბამისად ახალი სახეებიც ეყოლებათ.

„საარჩევნო წელია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მთავარი არის ის, თუ რამდენად შევძლებთ ძალიან გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რამდენად შევძლებთ, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში ტემპერატურის დაწევას.

ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, უფრო პოზიტიურები ამ საარჩევნო კამპანიის პროცესშიც და ერთმანეთს შევეჯიბროთ არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ გაკეთებული საქმეებით, მათ შორის, იმ ხედვებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ადამიანებს ამა თუ იმ სიაში, ბუნებრივია იცით, რომ „ქართული ოცნება” არის ძალიან მდიდარი საკადრო რესურსით. პარტიაში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მაჟორიტარი ამა თუ იმ რეგიონში, ვინ იქნება პროპორციულ სიაში და ჩვენ ეტაპობრივად ამას, ყველაფერს საზოგადოებას წარვუდგენთ.

ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარდგენილი. პროპორციულ სიასთან დაკავშირებით იქნება უფრო მოგვიანებით. შესაბამისად, ორშაბათს შევძლებთ ვნახოთ, ვინ იქნება მაჟორიტარი და ვინ იქნება შემდგომში სიაში. ახალი სახეები აუცილებლად იქნება და ყოველთვის არის. ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ყველა პოზიციაზე ახალ ადამიანებს პარტიაში, ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც და შესაბამისად ვნახავთ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ძაბირაძის შეფასებით მთავარი კომპონენტი, რითაც მმართველი გუნდის სიის ფორმირება მოხდება, ფინანსური რესურსი და გავლენებია. მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ აქამდე უცნობი პირები წარადგინონ, საკმაოდ დიდია.

„საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რომელი სფეროებიდან იქნებიან „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები. ჩემი აზრით კანდიდატებს შეარჩევენ იმის მიხედვით თუ რა გავლენა აქვთ მათ ამა თუ იმ რეგიონში. საკმაოდ დიდი რეგიონებია, ამომრჩეველთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

“თუ თბილისს მივიღებთ მხედველობაში საკმაოდ მოცულობითია გეოგრაფიული არეალი. ამიტომ, საჭიროა, წარადგინონ ისეთი კანდიდატები, რომელთა ცნობადობა მაღალია და აქვთ გარკვეული ფინანსური რესურსიც.

„ოცნებას” ფინანსები არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ მაინც ავტორიტეტული იქნება ის კანდიდატი, რომელსაც საკუთარი ფინანსები აქვს. ბიზნესის წარმომადგენელია ან უკვე იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი. ამ კატეგორიის ხალხს შეარჩევენ ალბათ. ველოდები, რომ განსაკუთრებით ქალაქგარეთ მოულოდნელ და უცნობ სახეებს წარადგენენ.

„ქართულ ოცნებაში” არ უჭირთ ისეთი ხალხის შერჩევა, რომელთაც ფინანსური მხარე მოგვარებული აქვთ. სხვა თემაა ეს ხალხი რას გააკეთებს პარლამეტში, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მოახდინონ დანახარჯის კომპენსირება სხვადასხვა მეთოდებით”, – ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.