Statia.Ge

ინტერნეტ გაზეთი

View our latest offers
კანონი და სამართალი

კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე – „ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ“

კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, რომლის უკანაც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი და ანალიტიკოსი  რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავენ. მათი თქმით, ეს არის გარკვეული მზადება რაღაც უფრო დიდი დივერსიისთვის და არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები უფრო გახშირდეს. რა წაიღეს ჰაკერებმა და რაში სჭირდებათ ლაბორატორიიდან მოპარული ინფორმაცია? – სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასალებიდან ფეიკ ინფორმაციას გააკეთებენ, რომელსაც სხვადასხვა საიტებზე განათავსებენ და დაიწყებენ იმის  მტკიცებას, რომ საქართველო მომწამვლელ ნივთიერებებს ქმნის. 

კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ჯანდაცვის უწყების კომპიუტერულ სისტემაზე, ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, პირველ სექტემბერს მოხდა. მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ბრალდებები, რომელსაც  რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის  საქმეზე  რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოსა და ამერიკისკენ ელს იშვერენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და შეერთებულ შტატებშია. დუმის დეპუტატის ინფორმაციას აბსურდულსა და მტრულს უწოდებენ თბილისში.

კიბერ უსაფრთხოების ანალიტიკოსი ანდრო გიცირიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს ცალსახად რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ასოცირებული კიბერაქტორების ნამოქმედარი. სქემა კიბერშეტევის შედეგად  გარკვეული ინფორმაციის მოპარვაა. ხოლო ამ მოპარული მასალებით, ინფორმაციის ფაბრიკაცია ხდება.

„ამ ინფორმაციის მოპარვის შემდეგ ხდება ფაქტების გაყალბება. თითქოს და ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ე.წ.  შხამის „ნოვიჩოკის“ წარმოება. შემდგომ ამის დადება კონტროლირებად საიტებზე ხდება, თითქოს და ინფორმაციამ გაჟონა. შემდგომ რუსული ტროლების დ ბოტოების საშუალების ამის გაშიფვრა  ხდება. შესაძლოა შემდეგ განცხადებები ოფიცილურ დონეზეც კი გაკეთდეს.

ამ ყველაფრის ერთი მიზანი შესაძლოა  ისრების სხვაზე გადატანის  მცდელობა იყოს, რადგანაც გერმანულმა მთავრობამ ისინი ცალსახად დაადანაშაულა ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში და მისი „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში. მეორე მცდელობა კი არჩევნებში ჩარევაა. მათი მიაზანია, რომ შეიქმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა და ამერიკული ორგანიზაციის მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის მიმართ უარყოფითი განწყობა გააჩინოს. ამერიკელი პარტნიორების მიმართ გაჩნდეს სკეპტიკური განწყობები და საქართველოში უფრო მეტი პრორუსული განწყობები განჩდეს“, – ამბობს ანდრო გიცირიძე  „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, თუ ამერიკულ მხარეს გავლანძღავთ, ვამხელთ ე.წ. შხამების და მომწამლავი ნივთიერების წარმოებაში, არჩევნების წინ  უფრო ბევრი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველი იფიქრებს, რომ მაშინ საშველი ჩრდილოეთით არის და ამ მეზობელ ქვეყანას რაღაცეებში ტყუილად ვადანაშაულებთ. შესაძლოა ეს ინფორმაცია ახლავე არავინ დაიჯეროს, თუმცა რუსეთის ტაქტიკა ის არის, რომ ასე ნელ-ნელა მოხდეს საზოგადოების მუდმივი ინფორმაციით კვება, რომლის შემდეგაც ინფორმაცია უკვე ეჭვად იქცევა.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში  რაც უფრო დაცარიელდება, ამ ვაკუუმს რუსეთი შეავსებს.  რაც შეეხება საიდან მოხდა საიტის დაჰაკვა, გეოგრაფიის  დადგენა ძალიან რთულია. მთავარია ვინ იდგა ამის უკან. ჩვენ ვარკვევთ, ვის აინტერესებდა, რა ტიპის ხელწერაა, რა ტიპის მავნე კოდია, ადრესატი საიდანაა. ეს არის შპიონაჟი. მართალია ამ ინფორმაციის  სხვადასხვა გავრცელება 1 სექტემბერს მოხდა, მაგრამ გასარკვევია როდის მოიპარეს. შესაძლოა ეს ივნისში, მაისში მოიპარეს. შესაძლოა, თურქეთიდან, ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან,  ოკუპირებული ტერიტრიიდან და პირობითად საქართველოდანაც მოხდა.

ამიტომაც საქართველოში ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ვერც კონცეფცუალურ და ვერც ტექნიკურ დონეზე კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთი თავის კიბერუსაფრთხოებას იმდენად სწრაფად ავითარებს, რომ ჩვენ მათ ძალიან ბევრი ნაბიჯით ჩამოვრჩებით. წარმოუდგენელია მათ დღეს 2010 და 2012 წლის კანონმდებლობით ვებრძოლოთ. ფაქტია, რომ არსებობს შავი ხვრელები და ამ ხვრელებში რუსეთის სპეცსამსახურები ადვილად აღწევენ“,-ამბობს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია, რომ რუსული სპეცსამსახურები უფრო გააქტიურდებიან და მსგავს კიბერშეტევებს უნდა ველოდოთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთი კიბერ შეტევებს არჩევნებში ყოველთვის იყენებს და მსგავსი არა ერთი პრეცედენტი ყოფილა. მაგალითად ეს მოხდა 2014 წელს უკრაინის არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუბარია ინგლისზე, საფრანგეთის არჩევნებზე. ამიტომაც საქართველოზეც თუ კი დასჭიდება,  ამას ყველაზე მარტივად გააკეთებს.

კავკასილოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიული  ფორმით  ვერ იტყვის, რადგანაც ამის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. არეშიძე ამბობს, რომ ფაქტია მზადდება ისეთი  რამ რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სახიფათოა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი  აზრის დამუშავებას ემსახურება. ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია, რომ რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ. ხომ აბსურდია, რომ ამერიკას ისე გაუჭირდა  „ნოვიჩოკს“ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში ამზადებს. ასეთი პიარკამპანიებს ლოგიკა ნაკლებად სჭირდება. ის ძირითადად მუმდივად ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას ემსახურება. რაც შეეხება კიბერ შეტევას. ეს ყველაფერი ამ პიარ კამპანიის ნაწილია. მთავარი შედეგი ის არის, რომ მასალი ნაწილები აიტვირთება და ტყუილ-მართალს ერთმანეთში არევენ.

ეს არის როგორც რუსეთის მოსახლეობაზე გათვლილი კამპანია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. ასეთი ტიპის ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება. ეს ილექება, დღეს არის მედია ტყუილი, ხვალ არის საეჭვო ფაქტი, ზეგ არის გადასამოწმებელი ფაქტი, ხოლო მასზეგ უტყუარი ფაქტი. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, რა საკვირველია, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები ქვეყანაზე გახშირდება და სერიულ სახეს მიიღებს. ამიტომაც არეშიძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ იმაზე საუბარი  საქართველოს ხელისუფლება პრორუსია. უხერხულია, რადგანაც საკუთარი ხალხის ჭკუასუსტად ჩათვლის მცდელობა გამოდის. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთის ამოცანა ის კი არ არის, რომ ქვეყანას პრორუსი ხელისუფლება ჰყავდეს. არამედ საქართველოს სახელმწიფოს ყველ მხრივ დასუსტება სურთ.

ელზა პაპოშვილი გაზეთი რეზონანსი