დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორდღიანი ვიზიტი იწყება და ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ეცდება. მითუმეტეს, რომ ვიზიტის წინ მას ევროპარლამენტარებმაც მიმართეს თხოვნით, რომ საქართველოში მედიაციის შესაძლებლობა გამოიყენოს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს „რეზონანსთან” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში და „ჯიპას” ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე აფასებს. მისი თქმით, ამ ვიზიტისას დღის წესრიგში იგეგმება, როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან შეხვედრა და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბარი.
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი რაიმე სახის ზეწოლით ღონისძიებებს არ მიმართავს საქართველოში კრიზისის განმუხტვისათვის. აღნიშნული ვიზიტი ნამდვლად იყო დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, თუმცა, დღის წესრიგში შევიდა გარკვეული კორექტირება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის საქართველოში.
„გარდა ამისა, მიშელს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც თხოვნით, რომ საქართველოში მედიაციის შესაძლებლობა გამოიყენოს. მას ექნება შეხვედრა როგორც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ოპოზიციასთან.
„აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ეს ვიზიტი ჩვენი კრიზისის დღის წესრიგში თავის წვლილს შეიტანს. ვფიქრობ ნებისმიერი მედიაცია არის ძალიან კარგი, მაგრამ იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს, საჭიროა პოლიტიკური ნება და იმედი მაქვს, რომ მხარეებს პოლიტიკური ნება აღმოაჩნდებათ,” – ამბობს თენგიზ ფხალაძე.
ოპოზიციის ლიდერებს კი მიშელის ვიზიტის ფარგლებში იმედი აქვს, რომ მას ექენება მკაფიო გზავნილები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.
„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელს ექნება მკაფიო გზავნილები, რადგან, მისი თქმით, ახლა ორაზროვანი გზავნილების დრო არ არის.
პარტიის „ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია კი აღნიშნავს, რომ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის დროს.
„შარლ მიშელის ვიზიტი ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, ყველაზე სტრატეგიულ მომენტში, როდესაც წყდება საქართველო შეინარჩუნებს თუ არა დემოკრატიულ ხასიათს და როგორი იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, საშინაო სტაბილურობა და როლი ამ ძალიან რთულ მომენტში მთელი რეგიონისათვის”, – განაცხადა გეგელიამ.
თენგიზ ფხალაძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის იმედები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ფუჭი არ არის, რადგან მიშელის ვიზიტმა შეიძლება დიალოგის ახალ ეტაპს შეუწყოს ხელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა. 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკავძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.