შარლ მიშელის ვიზიტიდან 3 დღის შემდეგაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როდის შედგება შეხვედრა, სადაც მიშელის მიერ შეთავაზებულ 6-პუნქტიან გეგმაზე უნდა ისაუბრონ. სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ 16 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოპოზიციასთან კონკრეტული შეთანხმეებით ჩავიდეს. ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ოპოზიცია 2 დღეში კონკრეტული წინადადებით არ მიმართავს, ბრიუსელში საკუთარი ხედვით წავლენ. ოპოზიციაში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელისუფლებისთვის შესათავაზებელი კომპრომისი პლებისციტი იყოს, თუმცა აქაც აზრთა სხვაობა გაჩნდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახლა ისინი ოპოზიციას ელოდებიან, საბოლოდ როდის ჩამოყალიბდებიან.
ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიშელის ვიზიტის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რთული საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები.
„რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი პრობლემების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, რთული საკითხები არსებობს, არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი და ჩართულობა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ვფიქრობ, დროა საჭირო გარკვეული შედეგის მისაღწევად, რაც მთავარია, ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნია,“ – აცხადებს კელი დეგნანი.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებებს ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიციის მხრიდან უახლოეს დღეებში შესაბამისი პასუხი არ იქნება, „ქართული ოცნება“ მაინც მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს:
„თუ მომდევნო ერთ-ორ დღეში შესაბამისი პასუხები არ იქნება და მათი მხრიდან არ ექნება ადგილი კომპრომისულ წინადადებას, ჩვენ მაინც ჩვენი ფასილიტატორი ელჩებისა და მედიაციის დახმარებით, რომელთა დაკავშირებითაც ბატონმა მიშელმა გამოთქვა სურვილი, ჩვენ შევძლებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დავსხდეთ, ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, 6-პუნქტიდან ნაწილი პრაქტიკულად შესრულებულია, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან კომპრომისული წინადადები არ ისმის.
„დიალოგისკენ მოწოდება არ არის მათი ნოუჰაუ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერსად წაუვა ვერავინ და აქ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე” არ არის საუბარი. თუმცა, თუ ვინმე მოიხსენიებს 6-პუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ოპოზიციური ყველა სუბიექტისგან ამოღებული მოთხოვნები, რომელზეც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნაწილზე მიდის მუშაობა და პრაქტიკულად შესრულებულია, ნაწილზე საუბარიც კი შეუძლებელია და ამის არგუმენტები უამრავჯერ წარმოვადგინეთ, ნაწილზეც შეიძლება საუბარი. თუმცა, ჩვენ ამ ჩვენი კომპრომისების მიუხედავად ოპოზიციისგან არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვინახავს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, პოტენციურ ვადამდელ არჩევნებზე არგუმენტების გარეშე საუბარი შეუძლებელია.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციას თავს არ დაუხრის.
„ევროპა გვთავაზობს ჩვენ საკითხებზე შეთანხმებას, რაც ასეთი კრიზისების შექმნას კიდევ ერთხელ გამორიცხავს. შარლ მიშელის ჩამოსვლისა და მისი ჩართულობის შემდეგ, ვფიქრობ, ოპოზიციამ დაინახა, რომ აბსოლუტურად სხვა შედეგი მიიღო, ვიდრე მათ წარმოედგინათ რომ მიიღებდნენ. მათ ეგონათ, რომ შარლ მიშელი გამოვიდოდა და იტყოდა, „აბა, სასწრაფოდ, მხოლოდ ისღა მაინტერესებს, რომელ თვეს და რომელ დღეს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და არ მაინტერესებს სხვა არაფერიო, გახსენით ციხის კარები და გამოუშვით პირობითად მელიაო“. მისი მესიჯები იყო იმ დიალოგისკენ მოწოდება, რომელმაც სწორედ კრიზისის განსამუხტი მექანიზმები უნდა აამოქმედოს და პოლიტიკური კონსენსუსი უნდა შედგეს სამართალსა და კონსტიტუციაზე დამყარებული,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან შარლ მიშელის მონაწილეობისას შედგენილ 6 პუნქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს 6 პუნქტი არ არის 6 მცნება“.
მოლაპარაკებები აუცილებელია, ჩვენი პარტიული ინტერესი უნდა გადავდოთ გვერდზე და გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯი, – ამის შესახებ კი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები გარდაუვალია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ.
„აუცილებელია მოლაპარაკებები. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ვიდრე ჩვენი საკითხის განხილვა დაიწყება ბრიუსელში, პოლიტიკური კრიზისი რამენაირად დაძლეული უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოლაპარაკებები არის გარდაუვალი. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს არის ქვეყნის ინტერესი. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე და გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯი. პირველ რიგში ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ ამ მოლაპარაკებებში და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები. კომპრომისულ ნაბიჯებში ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მისაღები იქნება მეორე მხარისთვის. სულ მცირე უნდა დაიწყოს დიალოგი წინაპირობების გარეშე, რაზეც მოუწოდა შარლ მიშელმა მხარეებს, წინაპირობებისა და წითელი ხაზების გარეშე უნდა დასხდეთ და დაიწყოთ ლაპარაკი. არის ექვსი პუნქტი, რომელზეც უნდა მოილაპარაკონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტზე მისი პოზიცია ყოველთვის მკვეთრად უარყოფითი იყო.
„მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაჰყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი და ეს ოპოზიციამ იცის ძალიან კარგად. პირველივე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ. პლებისციტი ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, მაგრამ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და მიიღებს ამ წინადადებას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„თუ ადამიანებს ვეუბნებით, არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022-ში“, –ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროცესი ჩიხშია შესული, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ამ ვითარებიდან, განვითარებაზე სტაბილური გადასვლაა.
„განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვკითხოთ, სჭირდებათ მათ თუ არა ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ლელოს“ აქვს ძალიან მყარი პოზიცია. ვფიქრობ, ეს არის ცივილური პოზიცია, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, და ეს იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ეს არის ტექნიკის საკითხი, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის პლებისციტის ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.