დონბასში დღე-დღეზე შესაძლოა ახალი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა და უკრაინის საზღვართან 4 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი. აშშ უკრაინას რუსული აგრესიის შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.
ამის პარალელურად, ბოლო დღეებში მხარეთა დაშორიშორების ხაზთან სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაშიც პროსუსი სეპარატისტები და უკრაინის ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებენ. არიან დაღუპულებიც.
ევროპარლამენტარებმა ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთვამენ, მინსკის შეთანხმების შესრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის დაცვისკენ აკეთებენ მოწოდებას.
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ზელენსკიმ მინსკისა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია ნებისმიერ ძალას გაუწიოს წინააღმდეგობა.
საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ჟან-ივ ლე დრიანისა და ჰაიკო მაასის ერთობლივ განცხადებაში დონბასში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვეს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით რუსული ჯარების გადაადგილებას და მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ და დაუყოვნებლივ შეაჩერონ ესკალაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასტანავე, უკრაინის ელჩმა აშშ-ში ოკსანა მარკაროვამ „კორესპონდენტ.ნეტ”- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობენ.
„ვიზიტებთან დაკავშირებით სიტუაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე ან გრაფიკზე, არამედ ასევე დამოკიდებულია კოვიდ-19-ის მდგომარეობაზე”, – თქვა ელჩმა.
გირკინის პროგნოზი – უკრაინა ომს 3 დღეში მოიგებს
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური იგორ გირკინი (სტრელკოვი) რუსულ გამოცემა „აპნ”-სთან აცხადებს, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში სრულმასშტაბიან შეტევას დაიწყებენ, ძალიან მარტივად გაარღვევენ ფრონტის ხაზს და მაქსიმუმ სამ დღეში სრულად გაანადგურებენ მოწინააღმდეგეს.
იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის არმია უახლოეს მომავალში შეტევისთვის მზადაა, ხოლო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული ძალების მათ ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. გირკინის პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში რუსეთს ღიად მოუწევს ომში ჩართვა, თუმცა ამას დასავლეთის მხრიდან გამანადგურებელი სანქციები მოჰყვება.
მისივე თქმით, თუკი რუსეთი ამაზე არ წავა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, მაშინ კონფლიქტი მოსკოვსა და კიევს შორის გაგრძელდება, თუმცა შემდეგ უკვე საფრთხეში ყირიმი იქნება.
„ახლა ყველაფერი დასწრებაზეა…”
როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, შესაძლოა დონბასში საბრძოლო მოქმედებები აპრილის ბოილოს განახლდეს, საქმე უკვე დასწრებაზეა, თუმცა უკრაინას საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიციები აქვს.
„გლობალური კონფლიქტი რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს იგივე კონფლიქტია, რაც 1956 წელს მოხდა, როცა საბჭოთა არმია უნგრეთში შეიჭრა. ფაქტიურად ამერიკულ-რუსულ პირდაპირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება, ორივე ქვეყანას ამდენი ჭკუა კი აქვთ, რომ აქამდე არ მივიდნენ, მაგრამ ეს გამიმდინარეობს იქიდან, რომ ამერიკა-რუსეთმა უკიდურესად დაძაბეს ურთიერთობა და ეს ამის პირდაპირი გამოძახილია.
„როგორც ჩანს, საბრძოლო მოქმედებებისთვის ორივე მხარე ემზადება. აქ როგორც ვხვდები უკვე საქმე დასწრებაზეა. დონბასში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა აპრილის ბოლოს განახლდეს. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, უკრაინაში რეჟიმის შეცვლას შეეცდება, მაგრამ არც უკრაინული მხარე აკლებს, რადგან ზელენსკის ადმინისტრაციამ ბაიდენთან ურთიერთობები საკმაოდ გაამყარა.
„თუ ზელენსკიმ ძალოვანი ელემენტებით დონბასის დაბრუნება შეძლო და აზერბაიჯანული სცენარი გაიმეორა, ესეც მის რეიტინგს გაზრდის და არჩევნებზე მისი პოზიცია გამყარდება. უკრაინის არმიამ საკმაოდ სერიოზული დონის შეიარაღება მიიღო, მათ შორის ამერიკიდან. ასევა ბრძოლისუინარიანობა აიმაღლა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას მეტი შანსი აქვს, რომ სამხედრო ძალებით დონბასი დაიბრუნოს. ამ მხრივ ისინი დაწინაურებულები არიან, რადგან ყოველ წელს სამხედრო ძალებს ავითარებენ, წვრთნებს ინტენსიურად ატარებენ, შეიძინეს ის იარაღი, რომელიც ასეთი ტიპის საბრძოლო მოქმედებების განვითარებისთვისაა საჭირო, ითამაშეს იმაზე, რომ ჰიბრიდული სპეციალური ოპერაციების მეშვეობით, შიგნით სეპარატისტულ ლიდერებს შორის შუღლის გავივება მოახდინეს. აქედან გამომდინარე, ახლა უკრაინას კარგი სასტარტო პოზიციები აქვს.
„თუ უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსებს დაასწრეს და კრემს არ მისცეს საშუალება, რომ ძალთა კონცენტრაცია და ჩარევა მოახდინოს, მაშინ მათ აქვთ რეალური შანსი, რომ დოინბასი ჩაიგდონ და პლუს ოკუპირებულ ყირიმშიც გარკვეული მომენტი გაითამაშონ, რითაც ოფიციალური კიევი რუსეთის აქცენტირებას გადართავს. ანუ აქ ბევრი ნიუანსებია. ეს უკრაინას კარგად ესმის. მათ უკვე ჯაველინების დიდი პარტია და სერიოზული შეიარაღება შეიძინეს ამერიკიდან, რომელიც რუსეთის შეიარაღება შესაძლოა დააკნინოს კიდეც,” – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, უკრაინელთა სეთი სტრატეგიული უპირატესობის მიუხედავად, „სიურპრიზები”რუსეთისგანაც მოსალოდნელია.
„თუ უკრაინამ დონბასი დაიბრუნა, რუსების გავლენა შემცირდება. თუმცაღა რუსებს უკრაინის მიმართ თავიანთი საშინაო დავალებები გააჩნიათ. ახლა კი საქმე დასწრებაზეა. მათ შეუძლიათ მოახდინონ აზოვის ზღვის მთლიანი სანაპიროს დაკავება, რომ ყირიმის ხარჯზე ბუფერული ზონა გაზარდონ, რადგან უკრაინელებს საშუალება არ მიეცეთ, რომ მომავლში ყირიმს რაიომე სამხედრო საფრთხზე შეუქმნან.
„რუსებმაც შეიარაღებული ძალები უკვე გადაისროლეს, მაგრამ უკრაინამ თავიდანვე მობილიზაცია საკმაოდ კარგად მოახდინა. მათ რეზერვის შესახებ ახალი კანონი მიიღეს. მობილიზაციის კანონში შესაბამისი ცვლიელები შეიტანეს, თუმცა რუსეთისგანაც გარკვეული სიურპრიზებია მოსალოდნელი.
„ეს კონფლიქტი თუ განვითარდა, არ მგონია ამან გლობალური ხასიათი მიიღოს, ეს ალბათ დაბალი სამხედრო ინტენსივობის კონფლიქტის დონეზე განვითარდება, რომელიც ფართომასსაბიანი ომის სახეს არ მიიღებს, რადგან არცერთ მხარეს არ აწყობს”, – განაცხადა მაისაიამ