სამშაბათს ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში შემავალი დეპუტატებისთვის საავტომობილი გზის ჩაკეტვას, რათა მათ, ხალხის პროტესტის ფონზე მოუწიოთ შენობაში ფეხით შესვლა. „ქართული ოცნების” წევრის ლადო კახაძის თქმით ოპოზიცია 2 მარტს ჩანიშნული აქციით, აგრესიის პროვოცირებას განაგრძობს.
„მე პირადად ძალიან იშვიათად შევდიოდი პარლამენტში მანქანით და ფეხით შესვლის პრობლემა არ მაქვს. ამით არც არაფერი დაშავდება, უბრალოდ ოპოზიცია პროტესტის ამ ფორმით ცდილობს თავის დამკვიდრებას.
„მე ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ ძალას ბევრი რამის უფლება აქვს, უბრალოდ კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს და შეურაცხყოფა არ უნდა მოხდეს, თორემ მათთვის გამოხატვის თავისუფლება არავის წაურთმევია.
„პოლიტიკურ ველზე ოპონირების ფორმა, როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს ის, არ უნდა გასცდეს სამართლის ნორმებს – ეს არის ჩემი პოზიცია. დანარჩენი ყველას თავისი მორალი, ეთიკა და მოქმედების თავისუფლება აქვს. აღნიშნულ საპროტესტო აქციაში სახელმწიფო ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია კონსტიტუციას დაარღვევს,” – ამბობს კახაძე.
მისივე შეფასებით. ოპოზიციას სწორედ აგრესიის პროვოცირება და კონფლიქტი სურს.
„მე რასაც ვხედავ, ჩვენთან ოპოზიციას სურს, რომ ვინმესთან კონფლიქტში შევიდეს, შემდეგ ეს კონფლიქტი სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და შემდეგ უცბად გაშუქდება, რომ აი, ხედავთ?.. ჩვენი უფლება დაირღვა… შემდეგ გადაწვდებიან საერთაშორისო დამკვირვებლებს და გამოიწვევენ ხმაურს. მათ ეს სურთ.
„გონიერი ადამიანი, ვინც შეგნებულია და აზროვნებს, მსგავსი სახის პროვოკაციებს არ წამოეგება, განსაკუთრებით ამ თამაშს არ აყვება მმარველი ძალა, რომელსაც არანაირად არ აწყობს არეულობა ქვეყანაში.
„ჩვენს ხელისუფლებას არ სურს ხალხში ქაოსის დათესვა, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ ოპოზიცია, რასაკვირველია, განაგრძობს ხალხზე ზემოქმედებას დასაშვები თუ დაუშველებელი ფორმით.
„როგორ მოვიქცეთ? მე პირადად არ მაქვს უფლება მათ რაიმე ავუკრძალო და რომც დავიწყო დამრიგებლური საუბარი, ჩემი ნალაპარაკევი მათ თავში არ შევა. ადამიანი, რომელიც ჩხუბს აპირებს, მოწინააღმდეგეს თვალებში არ უყურებს, რადგან თვალებითაც კი შეიძლება დაინახოს, რომ აგრესია გამოსავალი არ არის. ის თვალდახუჭული მოდის და მუშტის ქნევით გადმოდის შეტევაზე.
„ოპოზიციის მდგომარეობა მახსენებს კაცს, რომელსაც გასაღები ხელში აქვს და ეუბნებიან -საკნიდან გამოდიო, მაგრამ – არა, არ გავდივარო, – იძახის. ლოგიკასთან ახლოს არ არის ეს ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან,” – ამბობს ლადო კახაძე „რეზონანსთან” საუბარისას.
„ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირადღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ 2 მარტს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დეპუტატებს გადაადგილების თავისუფლებას არ შეუზღუდავენ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პარლამენტის შენობასთან და რომელიც მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, თუმცა ისინი იძლებულები გახდებიან გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან იმიტომ, რომ ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი გზით ჩვენი პროტესტი. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან, სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სამშაბათის აქციის დაგეგმვას, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში. მათ გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდებათ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.