
ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. მთავარი განსახილველი თემა კი 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტია, რომლის საბოლოო დეკლარაციაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხები და მოლოდინები აისახოს.
ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან გამართა. პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ შეხვედრისას იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა – დაკავშირბადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათი სურვილია წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.
აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა „ტვიტერზე” წერს:
„უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებთან ერთად ასოცირების ტრიოს პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ძალიან კარგად დაიწყო. ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა”.
მაღალი დონის მოლაპარაკებები დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირმა პარტნიორობა გააძლიერა, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტები კი ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება.
„აუცილებელია გავაგრძელოთ რეფორმები ბევრ კრიტიკულ სფეროში, პოლიტიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური აღდგენა და დემოკრატიული რეფორმები. ამან უნდა გამოიწვიოს კონკრეტული სარგებელი ყველა მოქალაქისთვის. მეზობლები არიან ყოველთვის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეზობლებთან. ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა გამოწვევების მიუხედავად, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, სამხედრო კონფლიქტები და კოვიდ პანდემია. ბევრი პროგრესია საარჩევნო ჩარჩოში, ადმინისტრაციის რეფორმირებაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ზრდაში და კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არის. დემოკრატიის გალიერება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა, თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირება გადამწვეტ”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოში დაგეგმილი რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი თანმიმდევრულად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
„საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ დავკარგოთ ის სხვაგანაც.
„აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს სინერგიას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
„ეს მიმართული იქნება საერთო გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი ზრდისკენ და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას.
„მთავრობის ანგარიშვლადებულაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 2020 წლის შემდეგ ჩვენი დღის წესრიგი ფოკუსირებულია აღდგენაზე, მედეგობასა და რეფორმაზე. პოსტ პანდემიური აღდეგნისთვის დაგეგმილია 2 მილიარდი ევროს მობილიზება. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა არის პარტნიორობის ქვაკუთხედი”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე, რომლის მთავარი ელემენტია ეკონომიკური გეგმა, რომელიც 17 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს რეგიონში, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე განაცხადა.
„ეს ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა შესაბამის დროს ექვსი პარტნიორის მედეგობის გასაძლიერებლად. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. დეკემბერში სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ვალდებულებას ამ ამბიციური პარტნიორობის მიმართ.
„პარტნიორობა გაიზრდება განახლებული დღის წესრიგის საფუძველზე. ევროკომისიამ ივლისში დადასტურა, რომ ფოკუსირება მოხდება აღდგენაზე, მედეგობაზე და რეფორმაზე.
„ამ დღის წესრიგის მთავარი ელემენტია ეკონომიკური და ინვესტიციების გეგმა, რომელიც მოახდენს 17 მილიარდი ევროს მობილიზებას სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. არსებითი ინვესტირების პაკეტი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის, ტრანსპორტის განვითარების, ციფრული კავშირის, ასევე მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის სტიმულირებას მოახდენს. გავლენის გაზრდის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახდენთ წამყვანი ინიციატივების იდენტიფიცირებას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის. ამას კონკრეტული სარგებელი ექნება ბიზნესებისთვის და მოქალქეებისთვის მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეხმიანება, ამბობს, რომ ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა ქვეყნებმა კოლექტიური მდგრადობა გაამყარონ, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან იქნება შეთანხმებული.
„ჩვენი კოლექტიური რეგიონული უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენი თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ უსაფრთხოებაზე.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გავამყაროთ ჩვენი კოლექტიური მდგრადობა, რომელიც იქნება შეთანხმებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან. ეს არის მეტად ამბიციური სტრატეგიული დღის წესრიგი, თუ როგორ შეგვიძლია ერთად წინსვლა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო განსაზღვრისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკლუზიურობის პატივისცემით, საერთო კუთვნილების პრინციპების, ერთობლივი პასუხისმგებლობის და დიფერენცირების შემდგომი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა მაია სანდუმ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში 29 ნოემბერს გაემგზავრა. ეს შეხვედრები კი წინ უძღვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც ბელგიაში, 15 დეკემბერს გაიმართება.
რაც შეეხება სოცირებულ ტრიოს – მიმდინარე წლის მაისში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს” დაფუძნების თაობაზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობს.