შაბათს „ევროპული საქართველოს” ყრილობი შემდეგ პარტიის ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. მნიშნელოვნად გადახალისდა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და ამის პარალელურად, პარტია დატოვა ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ – გიგი წერეთელი, ხოლო პარტიის გენერალურ მდივნად – აკაკი ბობოხიძე.
პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა პარტია ახლო მომავალში ირმა ნადირაშილმა და ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვონ, მანამდე კი მათ მათ რიგებს გამოეთიშა ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილიც.
პარტიის ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, „დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ”.
„ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა, ისევე როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ახლად არჩეულმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა.
მანამდე, კვირას დილით, უგულავამ „ფეისბუქით” განცხადება გაავრცელა პარტიიდან წასვლის შესახებ და თავისი გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა.
„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ”, – წერს უგულავა.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოში” პარტიულ თანამდებობაზე გიგა ბოკერიას დარჩენას არ ეთანხმება.როგორც ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს, გიგა ბოკერიას პოზიცია პარტიის ინტერესს არ ემსახურება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2020 წლის 31 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ევროპული საქართველოს” პარლამენტში 5 ადგილი ერგო. ამ ადგილებს, შესაბამისად, პარტიის საარჩევნო სიის პირველი ხუთეულის წარმომადგენლები დაიკავებენ. თუმცა აქედან ორმა – ელენე ხოშტარიამ და დავით ბაქრაძემ უკვე დატოვეს პარტია. ხუთეულის კიდევ ორი წევრი – არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველოს” წევრები არ არიანი. მეხუთე კი ტარიელ ნაკაიძე და თუკი „ევროპული საქართველო” საბოლოოდ პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთ წარმომადგენლად სწორედ ნაკაიძე ეყოლება.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე და „ევროპული საქართველოს” წევრი ტარიელ ნაკაიძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ პარტიას ვინ დატოვებს და ვინ დარჩება, ამ არჩევანში პოლიტიკოსები თავისუფლები არიან, თავად კი პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაც შეეხება პარლამეტში შესვლის საკითხს, მისი თქმით, იგი ოპოზიციის ბოიკოტს უერთდება მანამ, სანამ საერთო შეთანხმება არ შედგება.
„ეს თავისუფალი არჩევანია – ვინ დატოვებს და ვინ დარჩება. ეს კატასტროფა არაა. მათ რიგებს ახლები შეავსებენ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც პარტიისთვის დიდი ღვაწლი გასწიეს. მე ამ პარტიის ახალი წევრი ვარ და ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ვრჩები. შესაბამისად, მე მზად ვარ, რომ ამ პარტიაში და ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული წვლილი შევიტანო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება თუ გონს მოეგება და თუ მიხვდება, რომ კომპრომისების დროა, ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, და მეც მზად ვართ, რომ ამ კომპრომისებშიც ჩვენეული წილი შევიტანოთ და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღოთ. ეს ტარიელ ნაკაიძეზე არაა დამოკიდებული, ესაა ქართველი ხალხის ნებაზე, რომელსაც ვასრულებთ. სამწუხაროდ ბოიკოტი ერთ-ერთი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც გაგვეგებინებინა, თუ რა სიტუაციაა, თუმცა შეთანხმების, კომპრომისების მომხრე ვარ”, – განაცხადა ნაკაიძემ.