მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გამოცხადებულ ლეგალური დასაქმების ვაკანსიებზე საქართველოში არნახული მოთხოვნაა. სამუშაოდაკარგული, ღარიბი და ხშირ შემთხვევაში, ხელმოცარული მოქალაქეები მზად არიან, ნებისმიერ ფასად დათანხმდნენ საზღვარგარეთიდან შემოთავაზებული შრომის პირობებს, რომელიც აქედან, ერთი შეხედვით, ნორმალური ჩანს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამების მიღმა მიზერული თანხა და მონური შრომაა. შრომის ანაზღაურება, მინიმუმ, 3-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც უცხოელი დამსაქმებლები საკუთარ მოქალაქეებს უხდიან. ქართველების დასაქმებით კი ეკონომიის გაწევის დიდი შესაძლებლობა უჩნდებათ.
სამშობლოდან წასული ემიგრანტები, ასევე სოციოლოგები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ პირდაპირ აღნიშნავენ, რომ დასაქმების მსურველებს საკმაოდ რთული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. ეს ჩანს კიდეც ხელშეკრულებებიდან, რომელიც გამოქვეყნდა. უღირთ თუ არა ,,მიზერულ“ გასამრჯელოდ ამ პირობებთან შეგუება, მათვე უნდა გადაწყვიტონ, თუმცა მრავალი წლის გამოცდილებადაგროვებულ ემიგრანტებს თუ დავუჯერებთ, არალეგალური მუშაობითაც კი ბევრად მეტი ხელფასები აქვთ, ვიდრე მათ სპეციალური სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით სთავაზობენ.
ისრაელში მცხოვრებ ჩვენს ერთ-ერთ თანამოქალაქეს, ცისანა გულედანს ,,ბიზნეს-რეზონანსი“ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. მან დაფარავად აღნიშნა, რომ ისრაელში არალეგალურად მუშაობს და თვეში 1600 ევროს უხდიან, როცა კომპანიების მიერ დაქირავებული ლეგალურად მომუშავეები ამის თანხის ნახევარს ძლივს გამოიმუშავებენ, თანაც, გაცილებით მძიმე სამუშაო პირობებში.
,,იაფ მუშახელზე არნახული მოთხოვნაა, მხოლოდ ამ მიზნით სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეები, რომ მონურად ამუშაონ. ისეთი პირობებია, რისი დაკმაყოფილებაც შეიძლება გაუჭირდეთ კიდეც. არც ერთი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა არ დაუშვებს, რომ საკუთარი მოქალაქეები მონური შრომისთვის გაიმეტოს და ასე უპირობოდ გაუხსნას გზა. ისრაელი იქნება, თუ გერმანია ან რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, მონებად ვჭირდებით.
მე რამდენიმე წელია ისრაელში ვარ. აქ გაცილებით მაღალი ხელფასებია. არც ერთი ჭკუათმყოფელი, არალეგალურად მომუშავეც კი არ დათანხმდება იმ შემოთავაზებას, რაც ე.წ. ლეგალურად დასაქმება ითვალისწინებს. 1600 ევრო აქ მინიმალური შემოსავალია, რასაც ემიგრანტები გამოვიმუშავებთ. ლეგალურად მოწვევის შემთხვევაში, რასაც ეს პროგრამა ჩვენს ხალხს ჰპირდება, 800-900 ევროზე მეტს დასაქმებული ვერ აიღებს, რაც არანაირად არ შეესაბამება იმ სამუშაოს, რაც მათ უნდა შეასრულონ“, – უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ქართველმა ემიგრანტმა.
გაცილებით რთულ პირობებში და მიზერულ თანხად უწევთ ჩვენს თანამოქალაქეებს მუშაობა პოლონეთში, სადაც ასევე იაფ მუშახელზე დიდი მოთხოვნაა.
თევზის ქარხანაში მომუშავე ემიგრანტის ელდარ ფაცურიას თქმით, თვეში 700 დოლარს იღებს, საიდანაც 300-350 დოლარი საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯია, დანარჩენს ოჯახში აგზავნის.
,,მძიმე პირობებში ვმუშაობთ, ასობით ადამიანი ვართ დასაქმებული და აქედან თითქმის ყველა ემიგრანტია, უმრავლესობას ქართველები წარმოვადგენთ. ჯერ მეოთხე თვეა, რაც აქ ვარ, ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. საქართველოში რომ დავბრუნდე, არც სამსახური მელოდება და არც პერსპექტივა მაქვს, რომ მოგვიანებით მაინც დავსაქმდები. ამიტომ იძულებული ვარ, ამ მონურ შრომას დავთანხმდე.
კვირაში 6 დღე ვმუშაობ, ერთი დღის გარდა, ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც დავთანხმდი, რომ ცოტა მეტი გამოვიმუშავო. ასეთი პირობების შესახებ წინასწარ რომ მცოდნოდა, ალბათ, უარს ვიტყოდი, თუმცა რადგან უკვე ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ, უარის თქმა მიჭირს, 1 წელი მაინც მინდა დავრჩე, რომ ოჯახს მცირედით დავეხმარო“, – აღნიშნა ელდარ ფაცურიამ.
ის, რომ ქართველებისთვის შეთავაზებული პირობები მაინც და მაინც სახარბიელო არ არის, ცნობილია სოციოლოგ პაატა აროშიძისთვის, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული ანაზღაურების ფონზე, ქართველებს მინიმუმის მინიმუმს უხდიან, თუმცა ამ პირობებშიც კი ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს უცხოეთში დროებით დასაქმებას.
,,პანდემიის გამო ხალხმა სეზონური სამუშაოც დაკარგა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადადიოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სწორედ ამ პერიოდში მუშაობდნენ თურქეთში, ისრაელში, პოლონეთსა და სხვაგან, თუმცა ეს შესაძლებლობაც უკვე აღარ არის. იქაც ნაკლებადაა სამუშაო ადგილები, ძნელად ემატება ახალი და ნებისმიერ პირობას ადვილად თანხმდებიან.
გერმანია იქნება თუ ისრაელი, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყანა, მორგებულია იმ მუშახელსა და ანაზღაურებას, რაზეც იქაური ადამიანი არაფრით დათანხმდებოდა. გაცილებით ძვირი უჯდებათ საკუთარი მოქალაქეების დასაქმება და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პანდემიის პერიოდში თანხა სწორედ ქართველებსა და სხვა იაფ მუშახელზე დაზოგონ, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობენ.
უკვე გაირკვა, რომ გერმანიაში ქართველებს მინიმუმის მინიმუმს გადაუხდიან, 3-ჯერ ნაკლები იმასთან შდარებით, რასაც მსგავს შრომაში ადგილობრივებს უნაზღაურებენ. ასეა ისრაელშიც, ხოლო პოლონეთში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა.
მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად იმუშაონ საზღვარგარეთ და ამით მცირედით მაინც გაიუმჯობესონ თავიანთი მატერიალური მდგომარეობა. გამგზავრება კი ამის მიუხედავადაც არ იქნება მარტივი. სურვილს, ალბათ, ბევრი გამოთქვამს, მაგრამ რამდენი დააკმაყოფილებს მოთხოვნას, სხვა საკითხია“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ აროშიძემ.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებენ. აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს. ხოლო კვირაში 58-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში ანაზღაურება 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2440 აშშ დოლარია თვეში.