სომხეთში ახალი აეს-ის აშენება გადაწყვიტეს – ქართველი ეკოლოგები გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გამოგზავნას ითხოვენ
სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება სურთ და ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა. ქართველი გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ამ საკითხის გადაწყვეტისას სომხეთის ხელისუფლებამ საქართველოს პოზიციაც უნდა გაითვალისწინოს.
სომხეთში ამჟამად უკვე მოქმედებს მეწამორის ატომური ელექტრო სადგური, რომელიც დედაქალად ერევნიდან 30 კმ-ში მდებარეობს და გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. ახალი აეს-ის მშენებლობის საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 აპრილს მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილა.
ამჯერად კონკრეტულად სად იგეგმები ახალი აეს-ის მშენებლობა და რა ტიპის იქნება ის – ამაზე მინისტრ პაპიკიანს არ უსაუბრია.
„ჩვენ ვგეგმავთ გვქონდეს ახალი ატომური ელექტროსადგური და ამ საკითხზე რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც”, – თქვა პაპიკიანმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე და სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დირექტორი ამჯამად რუსეთში ვიზიტით იმყოფებიან.
მისივე თქმით, სომხეთი სწავლობს სხვა ქვეყნებში ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გამოცდილებას და ხელსაყრელი წინადადებების განსახილველად მზადაა.
რაც შეეხება მეწმორის აეს-ს, იგი 1970-იან წლებში აშენდა და მასში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. როსატომი კი სადგურის მოდერნიზებას ახორციელებს. ამჟამად რუსული სახემნწიფო კომპანია „როსატომი” მის მოდერნიზებას ახორციელებს და ამ პროექტის ღირებულება 40 მილიონი დოლარია.
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ და სად. თუმცა, მისივე თქმით, ზოგადად ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოების კუთხით პრობლემატურია და ამასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი აუცილებლად უნდა გამოეგზავნოს.
„საქართველოში გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი აუცილებლად უნდა მოვიდეს. ჩვენ ანალიზი უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პრობლემებია, გააჩნია სად აპირებენ აშენებას. ავარიებისგან ბოლომდე დაცული არაა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის სადგურს აშენებენ.
„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ინფორმაცია ნაკლები მაქვს, ამიტომ საფრთხეებზე ვერ ვამბობ, მაგრამ, ზოგადად, ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოების კუთხით პრობლემატურია. ჩვენთვის, რეგიონისთვის, ნებისმიერი ავარია საფრთხის მატარებელია, ანუ ზემოქმედება აუცილებლად მოხდება. ამიტომ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ კონვენციიდან გამომდინარე, რადგანაც სომხეთი ამ კონვენციის მხარეა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები უნდა მივიღოთ.
„ერთხელ ეს საკითხი წამოჭრილი იყო, საქართველომ გარემოს ზემოქმედების შეფასება მიიღო, აზერბაიჯანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, პროცესი გაჩერდა. ამ შემთხვევაში ახლაც სანახავია თუ რა პრობლემა იქნება. ანუ ჩვენ შეიძლება რადიაციის ტალღა შეგვეხოს გააჩნია სად აშენებენ,” – განაცხადა ჩხობაძემ