რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთის დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ექიმებმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
“ამჟამად, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც დამაკმაყოფილებელი, მას ექიმი-თერაპევტი ყოველდღიურ გამოკვლევას უტარებს. პაციენტის თანხმობით მას ვიტამინის თერაპია დაუნიშნეს”, – აცხადებენ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი თითქმის სამი კვირის განმავლობაში შიმშილობდა, 18 აპრილს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
რუსი ოპოიციონერის ჯანმრთელობის გაუარესებამ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა, აშშ-ის მთავრობამ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თუ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას „შედეგები მოჰყვება”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენთან” ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ რუსეთს განვუცხადეთ, რომ ის, რაც მათ პატიმრობაში მყოფ ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით ხდება, მათი პასუხისმგებლობაა და ისინი პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”, – თქვა სალივანმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი სხვადასხვა ზომას განიხილავს, რომლის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.
რაც შეეხება რუსეთის პასუხს აშშ-ის პოზიციაზე, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი არ ღებულობს აშშ-ის ოფიციალური პირების მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში რუსეთი შედეგებს მიიღებს, რადგან რუსეთში მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დასავლეთის ქვეყნების ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს.
„ჩვენ არანაირად არ ვიღებთ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ასეთ განცხადებებს. რუსეთის ტერიტორიაზე მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება იყოს და არ უნდა იყოს მათი ინტერესის თემა”, – აღნიშნა პესკოვმა.
გარდა აშშ-სა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია და რუსეთს მოუწოდებს, რომ შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყოს.
„ბატონი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლება დავაკისრეთ. ის არის მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი… რუსეთთან ურთიერთობა არ უმჯობესდება, პირიქით, იზრდება დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით,” – თქვა ბორელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნავალნისთან დაკავშირებით საგანგებო დებატები გაიმართება სახელწოდებით : „2021 წლის იანვარში ალექსეი ნავალნის დაკავება და პატიმრობა”.
„საქართველოს პოლიტიკის ისნტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ნავალნისთან მიმართებაში პუტინის რეჟიმი ჯიუტია, თუმცა არ აწყობთ, რომ მისი სიცოცხლე ფატალურად დამთავრდეს, რადგან ეს შეიძლება უმართავი პროცესების დასაწყისი გახდეს.
„როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ირკვევა, ძალიან რთული მდგომარეობაა, როგორც მისი ექიმი ამბობდა, თუ მან სასწრაფოდ შიმშილობა არ შეწყვიტა და მისი საკითხი არ გადაწყდა, ფაქტიურად მისი დღეები დათვლილიაო, ასევე დასავლეთიდან კრიტიკული განცხადებები გაისმის, ასევე, უამრავმა ლიდერმა განცხადება გააკეთეს, რომ მისი განთავისუფლება მოხდეს.
„მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პუტინის რეჟიმი ჯიუტია, ჩვენ არ ვიცით ახლა რა იქნება, თუმცა, ალბათ, ისინი ანგარიშობენ, თუ მათთვის განვითარების რომელი სცენარია მომგებიანი, იმიტომ, რომ არა მგონია ნავალნის რამე რომ მოუვიდეს, ეს მათ აწყობდეთ. რადგან, ეს შეიძლება უმართავი პროცესების დასაწყისი გახდეს, ამიტომ ალბათ ახლა ითვლიან, თუ ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ, თან ისე, რომ სახე შეინარჩუნინ თან ისე, რომ რაღაცნაიად ეს საკითხიც მოაგვარონ.
„თუმცა პუტინის თავში რა ტრიალებს, წინასწარ ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ, ფაქტია, რომ მასზე ზეწოლა გაგრძელდება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე შიგნით რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან,”- თქვა მან.
18 აპრილს ნავალნის თანამებრძოლები აცხადებდნენ, რომ 21 აპრილს რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ რიცხვში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშისაპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერის საიტზეა გამოქვეყნებული, ეს ალექსეი ნავალნის თანამერბძოლებმა, ლეონიდ ვოლკოვმა და ივან ჟდანოვმაც დაადასტურეს, თუმცა ორშაბათს ნავალნის კიდევ ერთმა თანამებრძოლმა, ვლადიმირ მილოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან დაპატიმრება აეცილებინა.
კაკაჩიას თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი აქციების ეშინია და ამიტომაც რეპრესიები დაიწყო.
„მოლოდინი იყო, რომ ხელისუფლებას ამ აქციის ეშინია, რადგან თუ ამან მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას საზოგადოება აჰყვა. არა მხოლოდ პეტერბურგში და მოსკოვში, არამედ სხვაგანაც, ეს პუტინის რეჟიმისთვის უკვე სახიფათოა და ეტყობა აქედან გამომდინარე ასეთ აქციის გაგონებაც არ სურთ და ალბათ ეს განცხადებაც ამაზე მიუთითებს, რომ ისინი რეპრესიებს ახორციელებენ, რომ ასეთ აქციას ადგილი არ ჰქონდეს.
„რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პუტინი ნავალნისთან მიმართებაში ყველა სცენარისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ცნობილია იმით, რომ ქვეყნის შიდა რთული სიტუაციიდან ცდილობს ისრები საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს. განსხვავებული აზრები ერთი მიმართულებით წაიყვანოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ქვეყნის საფრთხეებზე ისაუბროს და ამითი ხელი შეუწყოს რომ ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს.
„ამისი მაგალითია ის, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, ამით ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნთ ამ თემისადმი ნაკლები ყურადღება იყოს და ასევე ამით საერთაშორისო თანამეგობრობა ჰყავს დაძაბული, ეს აღმოსავლური მედიცინის ეფექტია, როდესაც ერთ ტკივილს მეორე უფრო დიდი ტკივილით ებრძვიან, დაახლებით ასეთი პოლიტიკა აქვთ არჩეული”- განაცადა კაკაჩიამ.
ნავალნის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის გამო, „მოცდა შეუძლებელია”, გადაწყვიტეს 500 000 აქციის პოტენციური მონაწილის დარეგისტრირებას აღარ დაელოდონ და გამოსვლები 21 აპრილიდან დაიწყონ, 18 აპრილისათვის კი დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 457 000-ს შეადგინა.