თურქმენეთის სასამართლომ 2025 წლამდე აუკრძალა ინტერნეტის მოხმარება ოც ბიზნესმენს, რომლებსაც VPN-ის გამოყენებაში ედებათ ბრალი. მათ სახლებში საინტერნეტო ქსელი გაუთიშეს, მათი ოჯახის წევრებს გაუთიშეს მობილური ინტერნეტი, თავად მათ ჩამოართვეს სმარტფონები და შეუცვალეს ძველი ტელეფონებით, რომლებსაც არა აქვს ინტერნეტის ფუნქცია.
როგორც რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური იტყობინება, ეს მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. რედაქციის წყარო იუწყება, რომ მინიმუმ 22 მსგავსი შემთხვევა მოხდა სხვა რეგიონებშიც. რედაქციის წყაროები ამ ზომებს ხსნიან ხელისუფლების სურვილით, ხელი შეუშალონ პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის კრიტიკის შემცველი მასალების გავრცელებას. ბიზნესმენებს, რომლებსაც დაუწესდათ აკრძალვები, წვდომა აქვთ ასლების გასაკეთებელ ტექნიკასთან და ინტერნეტის გამოყენებით შეეძლოთ პროკლამაციების ბეჭდვა, ხსნის რედაქცია ძალოვანი სტრუქტურების ლოგიკას.
თურქმენეთის ხელისუფლება ინტერნეტზე და სოცქსელებზე კონტროლს ამკაცრებს სოცქსელებში ოპოზიციური განწყობილებების ზრდის ფონზე. მთელს ქვეყანაში შენელდა ინტერნეტის სიჩქარე, აშხაბადის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისგან ხელწერილებს იღებენ იმის თაობაზე, რომ არ შევლენ სოცქსელებში, რეგიონების საბიუჯეტო ორგანიზაციებს აჩვენებენ ბლოგერების ფოტოებს, რომელთა ყურება არ შეიძლეა YouTube-ზე.
ამავე დროს იზრდება ზეწოლა ოსტატებზე, რომლებიც VPN-ის აპლიკაციებს აყენებენ ტელეფონებზე, ასევე ე.წ. პროქსი სერვერების მომხმარებლებზე. აგვისტოში რადიო თავისუფლების თურქმენული რედაქცია იტყობინებოდა, რომ ხელისუფლება მოსახლეობისგან მოითხოვს, ყურანზე დაიფიცოს, რომ არ გამოიყენებენ VPN სერვისებს.