
„ნაციონალური მოძრაობის” აქციები, რომლებიც 14 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, გაუქმდა. ამის ნაცვლად კვირას ცნობილი გახდა, რომ 9 ოპოზიციონერი პარლამენტარი შიმშლობას იწყებს. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ენმ ამით ამჟამინდელი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ კვირას ენმ-ის პოლიტიკური პარტნიორების მიერ დაგეგმილი რამდენიმე აქცია მაინც გაიმართა, თუმცა ფორმალურად „ნაციონალურ მოძღაობას” ამაში მონაწილეობა არ მიუღია.
პარტიის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც გავაუქმეთ სიტუაციის სიმძიმიდან და სიმწვავიდან გამომდინარე. ამ წუთებში ჩემს კოლეგებთან ერთად უნდა განვიხილოთ რა არის ამ მძიმე მოცემულობის ფონზე ადეკვატური რეაქცია და მის შესახებ უახლოეს წუთებში ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკუჩავამ.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
შიმშილობას იწყებენ: აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და დავით კირკიტაძე.
„დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, სანამ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე”, – განაცხადა კირკიტაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” საუბრისას ენმ-ს მიერ ბრძოლის სტრატეგიის შეცვლას დადებითად აფასებს და ამის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.
„შესაძლოა აქციების გაუქმებით გარკვეული ვითარების განმუხტვასაც ცდილობენ, იმიტომ, რომ მათ პირობა დადეს – თუ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ, მაშინ მის ახლო ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება. ალბათ ახლა ცდილობენ ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ მათი პირობა რეალურია.
„ამასთან, საკმაოდ რთულია ადამიანების მობილიზება ასე ხშირად ქუჩის აქციებისთვის. მაგალითად, პირადად მე, ბევრჯერ ვერ მოვახერხე მისვლა, რადგან სხვა საქმეებიც მქონდა მოსაგვარებელი. მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა” ბრძოლის სხვა სტრატეგიას აირჩევს. მაგალითად, მოსახლეობაში გასვლა და მათი ცნობიერების ამაღლება, იმის შეხსენება, თუ რა რეფორმები გატარდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ა.შ.”, – განაცხადა ჩიტაძემ.