
დიდი გაუგებრობა და დარღვევები კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში. კახა ბექაურის უწყებას დაღვევებში ადანაშაულებენ, თუმცა თავის მართლების ნაცვლად, ის თავდასხმაზე გადადის. ახლა უკვე პარალმენტის ტრიბუნიდან დადგა საკითხი, რომ კომონიკაციის მარეგულირებელი კომისია რიგ შემთხვევებში, სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებს და მას დეპუტატი დარღვევაში ადანაშაულებს.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც კომუნიკაციის კომისიის მხრიდან დაფიქსირდა.
„ეროვნული მარეგულირებელი კომისია გასულია ყოველგვარი სამართლებრივი სივრცისგან. ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორც ყველა კავშირგაბმულობის ავტორიზებული პირი, „მაგთი“ იქნება, „ჯეოსელი“, თუ სხვა ავტორიზირებული პირი, იხდის ნუმერაციის გადასახადს. ეს გადასახადს წლების განმავლობაში, რადაგანც ეს სახელმწიფო საკუთრებაა, მიდიოდა ბიუჯეტში. ახლა კი შემოსავლის ერთი თეთრი არ არის ბიუჯეტში გადახდილი. 2018 წლის შემდე ეს მიდის კომისიის ბიუჯეტში და იქ იხარჯება ხელფასების, პრემიების დასაფინანსებლად.
ეს თანხა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 5 454 551 ლარია. „მაგთის“ გადახდილი აქვს 1 803 184 ლარი და ამ წლის ორ თვეში გადახდილი აქვს 88 438 ლარი, რომელიც პირდაპირ მიდის კომისიის ბიუჯეტში. იქ არის ისეთი პრემიები და ხელფასები, რომელიც არავის დაესიზმრება. დეპარტამენტის თავმჯდომარე, სადაც 3 პირი მუშაობს და ყველაზე მეტი 12 ადამიანი, რომელშიც შედის მძღოლები, დამლაგებლები, მათი ხელფასი არის 6660 ლარი. ამას დამატებული პრემიები. დეპარტამენტის თავმჯდომარეებმა თვეში შეიძლება მიიღონ და იღებენ კიდეც 10 ათას ლარამდე. თქვენ წარმოგიდგენითა, რა თანხასთან გვაქვს საუბარი? ეს ხომ არის თანამდებობის პირის მიერ, ზარალის მიყენება სახელმწიფოს ბიუჯეტზე?! როგორც ჩვენ ვიცით, 25 ათასი ლარია საკმარისი იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. აქ საუბარია 5,5 მილიონზე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში.
ფრიდონ ინჯიას განცხადების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია თავის მართლებაზე გადავიდა, სადაც ითქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს.
„კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო. ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“ ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის – შპს „ახალი ქსელების“ წილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი).
ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.
დაუსაბუთებელი და სამართლებრივი ნორმებიდან გასულია ფრიდონ ინჯიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური უნდა ირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და არა კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარალამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებების რამდენიმე საკანონმდებლო აქტში („მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში), რომლის შედეგადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსზე ნებართვა, შესაბამისად გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელიც და განისაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, რომელიც გადაიხდება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩანს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტების განმარტებით ბარათებშიც, რომელიც საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიის აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით „ევროპელი სოციალისტებმა“ უპასუხეს, სადაც ითქვა, რომ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ბრალდებები არის აბსურდული და მისი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
„პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია აღარ წარმოადგენს კომპანია „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. იგი გადაყენებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან კანონით დადგენილი წესით – კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. ასევე ფრიდონ ინჯიას ყველა წილი კანონით დადგენილი წესით იქნა გადაცემული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრს არ დაურღვევია არც ერთი კანონი და არ გაუვრცელებია მცდარი ინფორმაცია, როგორც ეს აღნიშნულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 23 თებერვლის განცხადებაში.
სწორედ პარლამენტის წევრის პირდაპირი ვალდებულებაა მის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს დაუსვას კითხვა და მოსთხოვოს რეაგირება ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, ხოლო დარღვევებზე მოახდინოს რეაგირება.
სამწუხაროა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აგრძელებს საზოგადოების და ხელისუფლების შეცდომაში შეყვანას და ამ გზით სურს გააგრძელოს ის კანონდარღვევები, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე 6 მილიონამდე ზარალი მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობით მარეგულირებელ კომისიას არ მიუღია უფლება, საკუთარ ბიუჯეტში მიმართოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური. აღნიშნული თანხა ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამის მიუხედავად 2018 წლიდან კომისიის ბიუჯეტში ავტორიზებული პირები ყოველწლიურად რიცხავენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის მხრიდან უფლებამოსილების უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში. სპეციალისტები კომისიას მოუწოდებენ, თუკი დასამალი არაფერი აქვს, მაშინ თავდასხმის ნაცვლად, კითხვებს უპასუხოს. როგორც “ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეული აღნიშნავს, კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ისინი კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემას გაურბიან.
„შეიძლება მათთვის კითხვა მოსაწონი და მისაღები არ ყოფილიყო, მაგრამ ეს არის საჯარო დაწესებულება და ვალდებულია საზოგადოებას კითხვებზე პასუხი მიაწოდოს. კომისიამ საპასუხო თავდასხმა კი არ უნდა განახორციელოს, არამედ ჩაერთოს პროცესში, ითანამშრომლოს და გასცეს ინფორმაცია, თუ, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს დასამალი. ამ ყველაფრის ნაცვლად, ისინი განაწყენდნენ, კითხვებს არ პასუხობენ და ცდილობენ დავა სხვა სიბრტყეში გადაიტანონ. ეს კი ნიშნავს, რომ პასუხის გაცემას გაურბიან.
კითხვები და ეჭვი ნამდვილად არსებობს როგორც შემოსავლის კანონიერებაში ასევე ამ შემოსავლების მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვის კუთხით. ამ ეჭვის განსაქარწყლებლად მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ და გაასაჯაროვონ ინფორმაცია; ითანამშრომლონ პარლამენტთან. ინფორმაციის გამჭვირვალობა თავად კომისიის ინტერესს ემსახურება.
როდესაც ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი და ის იერარქიულად არავის ექვემდებარება, მისი კონტროლის მექანიზმი არის საზოგადოება და ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამბობენ გამჭვირვალედ ვმუშაობთო. ეს მაშინ, როდესაც ხარჯებს სრულყოფილად და სრულფასოვნად არ აქვეყნებენ. იმ სახსრებს, რომელიც სახელმწიფომ კანონის ფარგლებში გამოგიყო, თუ ეფექტურად და მიზნობრივად ხარჯავ, მაშინ რა გაქვს დასამალი? კომისია ამბობს, თითქოს ეს არის მის დამოუკიდებლობაში ჩარევა. ამ დროს კი ის კითხვები, რომელიც პარლამენტში დაისვა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური“, – განუცხადა „რეზონანსს“ ირინა ვერძეულმა.