მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიო პანდემიის მორიგი დარტყმისთვის ემზადება – როგორ გაუძლებს მას საქართველო

რეგულაციების გახსნის შემდეგ, კოვიდ-19-ის ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ იმატებს – ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი ისევ არ ვიცით, ამასობაში კი ახალი შტამების გავრცელების გამო, მსოფლიო მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშეა. რა გველის იმ პირობებში, როცა ბრძოლის მთავარი იარაღი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ეკონომიკაც ექსპერტების შეფასებით კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ აიტანს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ უფრო მეტად გადამდები შტამები გავრცელდა, ქვეყანა მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშე დადგა.

“გთხოვთ, გარკვევით მომისმინოთ – შემთხვევების ამ რაოდენობით და ახალი ვარიანტების გავრცელების გამო შესაძლოა დიდი შრომის შედეგად მიღწეული მონაპოვარი დავკარგოთ. ეს ვარიანტები ძალიან რეალური საფრთხეა ჩვენი ხალხისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის,” – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად კორონავირუსითან დაკავშირებით დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.

პესიმისტურ სურათს ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, როგორც ისინი აცხადებენ, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 14%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 9%-ით, ევროპაში 9%-ით და ამერიკაში 6%-ით. ორგანიზაციისვე შეფასებით, „ლოქდაუნებისა” და ვაქცინაციის პროგრამების დახმარებით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ამასობაში კი საქართველოში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა, კოვიდ-19-თან ბრძოლის მთავარი იარაღი კი არ გავქვს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და ორი-სამი კვირით გადავადება მოითმინოს, ან ჩინურ ვაქცინაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

“ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ.

„კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით.

„ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან – მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ”,- განაცხადა ცერცვაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის შემთხევაში, ქვეყნის ეკონომიკა მორიგ დარტყმას ვეღარ აიტანს.

„ჩემი აზრით ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ დარტყმას და ტალღას ვეღარ აიტანს, იმიტომ, რომ თუ შარსან სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი აიღო და ერთჯერადი გარკვეული დახმარებების გაცემა შეძლო, წელს ქვეყანას კრდეტის აღება გაუჭირდება, იმიტომ, რომ საგარეო ვალი 60%-ის ნიშნულს მიუახლოვდა.

„ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, იმიტომ, რომ ამ მაჩვენებლის ზემოთ კრედიტები აღარ გაიცემა, ყოველ შემთხვევაში, შეღავათიანი კრედიტები არ გაიცემა, ამიტომაც, ქვეყნის ეკონომიკა რა თქმა უნდა ვერ გაუძლებს და გაუჭირდება მითუმეტეს, როდესაც იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 11.5%-ით შემცირდა, ამიტომაც, შესაძლებელია ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში ჯერ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროს ვაქცინაცია არ დაწყებულა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, ჯერ ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო და სადაც ამდენი ვითმინეთ, ეკონომიკა მერე გაეხსნათ, ესაა რეალობა. ოპტიმიზმის საფუძველს კი ის იძლევა, რომ გარკვეული პროექტები ექსპლუატაციაში შევიდა” – განაცხადა მან.

ამბობს, რომ პანდემიის გამო საქართველოში სამუშაო დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა დაკარგა, რის აღდგენასაც მისი გათვლებით შესაძლოა 3-4 წელი დასჭირდეს.

„კორონავირუსის პირობებში საქართველოში დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს, აქ ორი განსხვავებული სტატისტიკაა, ანუ ოფიციალური მაჩვენებელი 14-15% იყო, ახლა შესაძლოა 20% იყოს, მაგრამ ამ დროს უმუშევართა რაოდნობა უფრო მეტია, იმიტომ, რომ თვითდასაქმებულად ითვლება ის ადამიანი, რომელსაც სოფელში კარმიდამო აქვს, ამ დროს თავად ეს ადამიანები თვლიან რომ უმუშევრები არიან.

„სოფლის მეურნეობაში ოფიციალურად შრომისუნარიან ადამიანების 30%-ზე მეტია დასაქმებული, თუმცა, ბევრი მათგანი დღეს სოფელში არ ცხოვრობს და თუ ის თვითდასაქმებულად ითვლება, ამ დროს რეალურად ის დასაქმებული არაა.

„ეკონომიკის შემცირება სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს, ამ შემთხვევაში სადღაც 3-4 წელი დასჭირდება იმას, რომ ბევრი ადამიანი კვლავ დასაქმდეს, შესაძლოა ეს პროცესი დაჩქარდეს თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით იქნება განხორციელებული.

„რესურსები იწურება და მომდევნო ტალღის პირობებში კომპენსაციების გაცემა გაცილებით რთული იქნება, ამას ემატება ის, რომ პროდუქტებზე ფასები იზრდება, ადამიანები შემოსავლის 70%-ზე მეტს საკვებზე ხარჯავს.

“აქამდე მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსგან ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე შეღავათი მიეღო, დღეს ესეც გაცილებით რთული იქნება, ამას ემატება საწვავზე ფასების ზრდა, შესაბამისად, ეს ტრანსპორტზრე ფასის ზრდას იწვევს.

„ერთის მხრივ შეღავათების გაუქმება და მეორეს მხრივ ფასების ზრდა, უფრო მეტი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს იმ სოციალურ ეკონომიკური ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია,” – განაცხადა ჩიტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.