სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოება აცრისგან ჯერ კიდევ თავს იკავებდა, ახლა კი ჩინურ „სინოფარმსა” და ქვეყანაში არსებულ სხვა ვაქცინაციაზე იმხელა მოთხოვნაა, რომ ადგილები აღარაა ჯავშნის გასაკეთებლად – რამ განაპირობა ასეთი გაზრდილი ინტერესი ვაქცინაციის მიმართ და როდის მიეცემა საშუალება საზოგადოებას, რომ თავისუფლად აიცრას.
ორშაბათის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაცია 62 447-მა მოქალაქემ გაიარა, ამავე დროის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე კი ამჟამად 82 298 მსურველია დარეგისტრირებული,მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 74 340-ს „ფაიზერით” ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას” ვაქცინით აცრის სურვილი 33 032 ადამიანმა გამოთქვა. 16 317 მოქალაქეს „ასტრაზენეკას” გაკეთება უნდა. “სინოფარმით” აცრის მსურველთა ოდენობა გაიზარდა და ის 11 843-ს შეადგენს. 9431-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი” აირჩია. 6317 მოქალაქეს „ნოვოვაქსი” აცრა სურს, 1397-ს კი „სინოვაკით”.წინასწარი რეგისტრაციის მიზანი კი ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა.
როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, იმის გამო, რომ მოსახლეობამ ჩინურ ვაქცინაზე სწორი ინფორმაცია მიიღო, მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო, ზოგადად, ამ მხრივ აქტიურობა გამოწვეულია იმით, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება და დანაკარგი თანდათან მატულობს.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური ვაქცინა ძველი მეთოდითაა დამზადებიული და არა ახალი, რომელსაც შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება და ამასთანავე ცოტა სახუმარო ამბავიცაა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას ყველას სჯერა, ჩემს პაციენტებს ვისაც გავესაუბრე, რომ თვითონ ეს ვირუსი ჩინელებმა მოიგონესო და ალბათ მაგათი ვაქცინაც უკთესი იქნებაო.
„ასეთი აზრიც ტრიალებს. თუმცაღა, ჩემის აზრით უფრო მეტი მომენტი ისაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიამატა და ადამიანთა დანაკარგი დიდია, მოსახლეობას შეეშინდა, რაც არის ეგ არისო და რაც ახლა ხელმისაწვდომია იმითი იცრებიან, იმიტომ, რომ თქვენ პრაქტიკულად ადგილს ვერ ნახავთ, ვერც „არსტრაზენეკასი” და „ფაიზერის” ვაქცინაც უკვე გათავდა.
„ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანები მიხვდნენ, რომ ვაქცინაციის გარეშე არ შეიძლება” – განაცხადა ხმალაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
„მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის” მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ხმალაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, თუ პუნქტებში გართულების თავიდან აცილების მიზნით, რეანიმაციის განყოფილებებიც მოეწყობა, კარგი იქნება.
„სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ეხება, ამ პუნქტებზე თუ გაითვალისწინებენ იმას, რომ შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ რამე გართულება მოხდეს და ამ ხალხის სწრაფი რეანიმირება მოხდება, კი ბატონო, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ცოტა საშიშროებაც იქნება, რადგან იგივე არ განმეორდეს, რაც თავიდან „ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით მოხდა,”- განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციის გასაგებად „რეზონანსი” ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით „საბჭოზე, ან ბრიფინგზე იტყვიან”.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს წევრია, „რეზონანსს” განუცხადა, რომ ამ პუნქტების მოწყობა ზაფხულისთვის იგეგმება, ხოლო ობიექტების შერჩევა ახლა მიდის.
„ზაფხულისთვის. მიდის შერჩევა ობიექტების,”- განაცადა პაატა იმნაძემ