ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ 26 თებერვალს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ხალხის არც ისე დიდი რაოდენობა მივიდა. „ნაცმოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ სწრაფი ორგანიზების პირობებში საკმაო ხალხი იყო.
გოცირიძის გათვლებით, პარლამენტის წინ იმაზე ხუთჯერ მეტი ადამიანი იყო, ვიდრე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ივარაუდა.
ვოლსკიმ განაცხადა, რომ აქციაზე დაახლოებით 4-5 ათასი მომიტინგე იდგა, ხოლო რომან გოცირიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი იყო.
„არ ვიცი, მე რაც ვნახე, პარლამენტის ყველაზე მაღალი კიბეებიდან მარცხნივ და მარჯვნივ, მარცხნივ თბილისი მარიოტის შესახვევ ქუჩამდე და მარჯვნივ პიონერთა სასახლემდე, ძალიან მარტივი მეთოდია, ეს მანძილი სიგანეში უნდა გაიზომოს, დაახლოებით 200-300 მეტრი ხომ იქნება, მანძილი გაიზომოს სიგრძეში, მარტო გზა 15 მეტრია, მთლიანობაში 40-50 მეტრი ხომ იქნება, ერთ კვერდარტულ მეტრზე ერთი კაციც რომ იდგეს, არადა სადაც ძალიან მჭიდროა იქ 3 კაცი დგას, მაგრამ ერთი კაციც რომ იდგეს, ეს დაახლოებით ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე ბატონმა ვოლოსკიმ ბრძანა,” – განაცხადა გოცირიძემ „რეზონანსთან” საუბრისას.
რაც შეეხება თავად ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხალხის სიმცირის გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას, ამაზე მას ასეთი პასუხი აქვს:
„ეტყობა ვოლსკის მოუსმინეს. მე სიგრძე-სიგანე ჩემი არითმეტიკით გავზომე. ასეთი სწრაფი ორგანიზების პირობებში მგონია, რომ საკმაო ხალხი იყო,”- განაცხადა გოცირიძემ.