საქართველოს ავიასექტორის განვითარებას და გამოცოცხლებას შესაძლოა, ახალი შანსი გაუჩნდეს. რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის საქართველოში ავიამიმოსვლის არეალი გააფართოვოს. ამან შესაძლოა, დადებითი გავლენა ნამდვილად მოახდინოს, თუმცა არა სწრაფი ტემპით. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, ზაფხულამდე ავიასექტორი დიდი დატვირთვით ვერ იმუშავებს.
გარდა იმისა, რომ კომპანიები საქართველოში ფრენის არეალს აფართოვებენ, ასევე გაიზარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები უარყოფითი “პისიარ” ტესტით და მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარების ვალდებულებით შემოდიოდნენ.
„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან გააფართოონ ფრენის არეალი. მათ შორის ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ე.წ. ლოუ-ქოსთერები.
ჩავთვალეთ შესაძლებლად და ერთსულოვანი ვიყავით გადაწყვეტილებაში, რომ მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია ქვეყნების ჩამონათვალი გავაფართოვოთ და დავუმატოთ სამეზობლო და რეგიონის ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი“, – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითრების მინისტრმა, ნათია თურავამ.
ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან შეძლებენ შემოსვლას.
როგორც „ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, ავიაკომპანიებისთვის რესტარტი უფრო ადვილია, ვიდრე ნულიდან დაწყება. ინდუსტრიას კი, ახლა დაგეგმარება სჭირდებაა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
„ავიაცია არის ის ინდუსტია, სადაც მყისიერი გადაყვეტილებები არანაირ შედეგს არ იძლევა, რადგან ჩვენ ცოტა უფრო მეტ პერიოდზე გვაქვს გათვლა. ზამთარში იგეგმება ზაფხულის განრიგი, ზაფხულში კი – ზამთრის. ეს არის 6-თვიანი რეჟიმში, ჩვეულებრივი სტანდარტი. ამაში ახალი არაფერია. მაგალითად, „ვიზ ეარმა“ რეისების განრიგი თებერვლის თვეში ჩადო და ფრენა დაიწყო ოქტომბერში, ანუ 9 თვით ადრე დაგეგმა. სტანდარტი არის მინიმუმ 3-6 თვე. როდესაც სიტუაცია ასე იცვლება, ძალიან ძნელია გადაგეგმვა, ეს უფრო რთულია.
ის კომპანიები, რომლებიც უკვე საქართველოში მუშაობდნენ, მათთვის უფრო ადვილია. ხოლო ახალი რეისების ამოქმედება არ მიმაჩნია რეალურად, რადგან მას სერიოზული მუშაოება და დრო სჭირდება, რომელიც შეიძლება დაიწყოს მაისში, ივნისში. ახალი მიმართულებები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რესტარტი უფრო ადვილია, ვიდრე ნულიდან დაწყება“, – განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კოდუამ და დასძინა, რომ მართალია, ქვეყანამ რეგულარული რეისები აღადგინა, მაგრამ საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ვიზიტორებს დისკომფორს უქმნის. ყველაზე დიდ პრობლემად კი, შეიძლება კომენდანტის საათი ჩაითვალოს.
„ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ვიზიტორებისთვის შემაფერხებელია. პირველი პრობლემა კომენდანტის საათია რაც შეეხება ვაქცინას, ამას მსოფლიო მოერგო და შეიძლება როგორღაც დარეგულირდეს, კორონავირუსზე ტესტის გაკეთებასაც ყველა ვიზიტორი დაემორჩილება, მაგრამ როდესაც ვიზიტორს კომენდანტის საათი, დახურული რესტორნები და სხვადასხვა სახის შეზღუდვები ხვდება, ეს სტუმრებს დისკომფორტს და პრობლემას უქმნის“, – დასძინა კოდუამ.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა გაანაახლა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ავიაციაზე ჯერჯერობით დიდად არ აისახა, რადგან ინდუსტრიის გამოცოცხლებას კარგად დაგეგმარება და დრო სჭირდება. პრობლემები საკმაოდაა, რომლის მოგვარებაც სწრაფად და მარტივად ვერ მოხდება.
ავიაინდუსტრიისთვის ახლა მნიშნველოვანია რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რეგულაური ფრენების დაწყებას ვერც ზაფხულიდან მოახერხებენ.