საქართველო ვაქცინის შემოტანის თვალსაზრისით ისევ მოლოდინის რეჟიმშია. აკაკი ზოიძე ამაში „კოვაქს” პლატფორმას ადანაშაულებს, რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან დადებული შეთანხმები გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა. თუმცა, ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაში იგი ტრაგედიას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ისედაც მაისამდე არ იგეგმებოდა.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან” ამბობს, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა რაც შეიძლება დროულად შემოსულიყო, მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს, ახლა უკვე „კოვაქსზეა” დამოკიდებული, თუ ვაქცინა როდის შემოვა.
„ვაქცინა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, როდის დაიწყებ, არამედ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას როდის დაამთავრება, რომ იმუნიტეტს მივაღწიოთ. თუ თავი მოაბეს, ეს გეგმა რეალურად კვლავაც ძალაშია, რომ ჩვენი მოქალაქეების ეს რაოდენობა წლის ბოლომდე აიცრას.
„ნებისმიერი თარიღის შემთხვევაში, რომელიც ადრე სახელდებოდა, მასობრივი ვაქცინაცია მაის-ივნისამდე არცერთ შემთხვევაში დაგეგმილი არ იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვაქცინების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ვიღებდი, როგორც გარე ექსპერტი. იქ ეს განხილვები რა თქმა უნდა იყო. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან რეალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ ვაქცინა რაც შეიძლება დროულად შემოსულიყო.
„ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალურად პრაქტიკულად ომი მიდის. ჯერჯერობით მოთხოვნა მიწოდებას გაცილებით აჭარბებს და ის ქვეყნები იყენებენ, რომლებიც ვაქცინას თავად აწარმოებენ – ევროკავშირი, აშშ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე ქვეყანა, ისრაელია გამონაკლისი. კოვაქს პლატფორმიდან „ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია ასევე ორმა ქვეყანამ – განამ და კოტდივუარის რესპუბლიკამ დაიწყო, მაგრამ ეს უფრო პიარულ სვლას ჰგავს – სურდათ ეჩვენებინათ, რომ სამართლიანი გადანაწილება არსებობს და მხოლოდ მდიდარ ქვეყნებზე არაა. ეს „კოვაქსის” პირველი სიმბოლური ჟესტი იყო, რომ ვაქცინა ყველზე უფრო ღარიბ ქვეყნებს მისცა. ამასობაში ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორის მყოფი ქვეყნები სამწუხაროდ ჩვენსავით ჯერ ელოდებიან.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თებერვლის ბოლოს შემოვა თუ მარტის ბოლოს, რადგან მთავრობამ მთავარია, რომ მაის-ივნისისთვის ორგანიზება დაასრულოს და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. მე რაც ვიცი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და ახლა ყველაფერი არა ჩვენზე, არამედ „კოვაქსზეა” დამოკიდებული, თუ ვაქცინა როდის იქნება.
„აშშ და ევროგაერთიანება „ფაიზერის” ხელმძღვანელობას ძალიან დიდი პრესის ქვეშ ამყოფებს იმის გამო, რომ ისინი ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. გარდა ამისა, 20 ვაქცინა კლინიკური შემოწმების ფაზაშია, მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ ძალიან დამაიმედებელი ინფორმაციაა და 2-3 თვეში მგონია, რომ მათი ხელმისაწვდომობის პრობლემა არ იქნება, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ასე რომ, ვაქცინაციაზე ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა და ამ თემის პოლიტიზირება რომ ხდება, მაგას სჯობს, ვინც ამაზე სისულელეს ლაპარაკობს, რეალურად გამოვიდნენ და ადამიანებს მოუწოდონ, რომ როგორც კი ვაქცინაცია იქნება, აიცრან და ამისათვის მოემზადონ. ჯერ კიდევ დიდი ნაწილია, რომელიც ფიქრობს, რომ არ აიცრება.
„ავღანეთმა რომ ათასი ვაქცინა შეიტანა და იმის მერე ვერაფერი ვეღარ გააკეთა, ასეთი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩავარდნა არაა, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ მაშინვე დაგვეწყო, მაგრამ ახლა პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის დავასრულებთ.
„სახელმწიფოს მხრიდან „კოვაქსთან” მიმართებაში ყველაფერი გაკეთდა, მათი მხრიდან მოხდა ამ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა. რა ვქნათ, რეალობა ასეთია, „კოვაქსიდან” მისი ხელმძღვანელის მიერ მოწერილი ოფიციალური წერილი მე თვითონ მაქვს ნანახი, რომელშიც ის თარიღები იყო დასახელებული.
„გუშინ ჯანდაცვის სამინისტრო რასაც ამბობდა, იგივე ინფორმაცია მაქვს მეც. გაბუნიამ გუშინ ბრძანა, რომ ზუსტ თარიღს მაშინ გეტყვით, მაშინ როცა ვაქცინა თვითმფრინავზე დატვირთული იქნება და გვეცოდინება, რომ მოდისო. იმიტომ, რომ აღარ უნდათ, რომ კიდევ ასეთი გაუგებრობა შეიქმნას”, – განაცხადა ზოიძემ.
კითხვაზე, ვაქცინაციის დაწყებამდე მოქმედი შეზღუდვების დაჩქარებულად მოხსნა ხომ არ ქმნის ე.წ. მესამე ტალღის საფრთხეს, ზოიძემ განაცხადა, რომ ახლა თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან ამით ქვეყანა მორიგი აფეთქების რისკის წინაშე დადგება.
„ვაქცინაცია ახლაც რომ დაგვეწყო და რეგულეციები მოგვეხსნა, იგივე სიტუაცია გვექნებოდა. სანამ 60%-ს არ მოვიცავთ, მანამდე გადაცემაზე ისეთი ეფექტი არ ექნება. ახლა თვითკმაყოფილბას არ უნდა მივეცეთ და ისეთი სიტუაცია არ უნდა შევიქმნათ, რაც ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ. თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, დისტანციას და პირბადის მოხმარებას, რომელმაც უკვე დაიკლო, მაშინ, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეპიდვითარება გვექნება და ერთ თვეში ისეთივე აფეთქება მოხდება, როგორც ზაფხულის მერე იყო,”- განაცხადა ზოიძემ.