თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე მგზავრობის გაძვირებით. ბილეთის ფასი 3-5 ლარის ფარგლებში გაიზარდა. მგზავრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, ავტოსადგურების ადმინისტრაცია კი გასამართლებელი მიზეზების ძიებაშია.
ძლივს აღდგენილი საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრებს გადაადგილება გაძვირებული ტარიფით მოუწევთ. სადგურები ფასის ზრდის მიზეზად მძღოლების მოთხოვნას ასახელებენ, მძღოლები კი, აცხადებენ, რომ ტარიფის მატება საწვავის გაძვირებას უკავშირდება, რადგან არსებული საფასურით მგზავრობა შეუძლებელია.
მგზავრობის გაძვირდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით, ღირებულებამ 3 ლარით მოიმატა და ახლა უკვე 15 ლარი ღირს. ამ რეისზე მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ იძულებულნი არიან მგზავრობის ფასი გააძვირონ.
„ქუთაისი-თბილისის მიმართულებით დავდივარ. საწვავის ფასი მომატებულია, ასევე გაძვირებულია სათადარიგო ნაწილები, რომლის შეცვლაც გვიწევს ხოლმე. მთელი ეს ხარჯი და პასუხისმგებლობა მძღოლებს გვაწევს, ამიტომ მგზავრობის გაძვირება გვიწევს. თანაც დიდი ხანია გაჩერებულები ვართ, ვერ ვმუშაობთ, რადგან დაწესებული შეზღუდვების ამის საშუალებას არ გავძლევდა“, – განუცხადა „რეზონანსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.
ზოგიერთ ავტოსადგურში მგზავრობის საფასური ოფიციალურად შეიცვალა. როგორც დიდუბის სადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე და ისიც, მძღოლების მოთხოვნით გაძვირდა. ბილეთის ფასი 10%-ის ფარგლებში გაიზარდა.
,,მგზავრობის ღირებულება ნამდვილად მომატებულია რიგ მიმართულებებზე, მძღოლების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ავტოსადგური, რომელიც ვემსახურებით მგზავრთა გადამყვანებს. ამიტომაც, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას. გაძვირება 10%-ს არ გასცდენია არც ერთ მიმართულებაზე.
რაც შეეხება თბილისთან ახლომდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ კონკურენციაში ვერ შევლენ ე.წ. ხიშნიკებთან, რომლებიც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ. ამიტომ ზარალობენ თვითონაც და ჩვენც, ავტოსადგურის ადმინისტრაციაც. ამიტომ სხვა გზა არ არის. ინარჩუნებენ არსებულ ფასს“, – აღნიშნა ნესტორ მიქაუტაძემ ,,ბიზნესპრენიუსთან“.
რაც შეეხება შედარებით შორ მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:
თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი- ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს სხვადასხვა მიმართულებებზე.
მგზავრობა არ გაძვირებულა ყველა ავტოსაგურში. ნაწილი ჯერჯერობით ძველ ფასს ინარჩუნებს, თუმცა მათმა წარმომადგენლებმა არ იციან, გადაადგილების ტარიფი ახლო მომავალში იგივე დარჩება, თუ სხვების მსგავსად მომატებს. „ნავთლუღის“ ავტოსაგურში ამბობენ, რომ მათთან ჯერჯერობით მგზავრობის გადასახადი შენარჩუნებულია.
„ჯერჯერობით არაფერი არ არის გაძირებული. კახეთის მხარეს – ბოდბე და სიღნაღი ისევ 7 ლარი ღირს. ამ ეტაპზე იგივე ფასია. ცოტა ხანში, თუ რამე შეიცვლება, ეს უკვე არ ვიცი“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ გია ქავთარაძემ.
იგივე აცხადებენ ზუგდიდის ავტოსაგურშიც. ქალაქის ავტოსადგურის აქციონერის კახა უბილავას ინფორმაციით, ფასი არც მათთან გაზრდილა და დიდხნიანი შეზღუდვის შემდეგ, მგზავრობა ძველი ტარიფით განაახლეს.
„მგზავრობის საფასური ჯერჯერობით, არც ერთი მიმართულებით არ გაძვირებულა. არ ვიცი, უახლოეს მომავალში, მოიმატებს თუ – არა. მუშაობა ახლა დავიწყეთ და ვანხოთ, რა იქნება, მაგრამ მე მაინც არა მგონია რამე შეიცვალოს“, – განუცხადა კახა უბილავამ „რეზონანსს“.