მსოფლიო

ბრძოლა ვაქცინებისთვის – რატომ განიცადა საქართველომ პირველი მარცხი გლობალურ კონკურენციაში

ახალმა  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა  კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები  მოხსნა, თუმცა მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია – რა ხდება ვაქცინაზე? მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების ვადა ამოიწურა, ქვეყანაში კი პრეპარატის შემოტანა არც ერთი პლატფორმიდან არ დაწყებულა.

სპეციალისტთა ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ მსოფლიო დიდი გლობალური კონკურენციის მდგომარეობაშია და ყველა სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და დიდი რაოდენობით მიიღოს ვაქცინა, რამაც სერიოზული დეფიციტი შექმნა. მეორე ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების სწორად წარმართვის შემთხვევაში დღეს ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებული გვექნებოდა.

2020 წლის მიწურულს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოქალაქეებმა  კორონავირუსის ვაქცინის პირველი  დოზები უკვე მიიღეს. საქართველო მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებოდა. მთავრობას ორი გეგმა ჰქონდა: ე.წ. მესამე ქვეყნების რიგში ვაქცინის მიღების ლოდინი და დიპლომატიური არხებით უშუალოდ მწარმოებელ ქვეყნებთან შეთანხმება.

ვაქცინის შემოტანის ზუსტი დრო უცნობი იყო, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 2021 წლის თებერვლის ბოლოს ასახელებდნენ. ახლა აღმოჩნდა, რომ ამ რიცხვმა ორი კვირით გადაიწია და ვაქცინებს მარტის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ, თუმცა დაზუსტებით ხელისუფლებას საუბარი არც ამაზე არ შეუძლია.

რას გვპირდებოდნენ წლის დასაწყისში

27 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იქ დასაქმებულ პერსონალზე. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ, უკვე დაიწყება ვაქცინაცია და არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში იქნება.

„როგორც იცით, ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას.

„როგორც იცით, ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში, უფრო ზუსტად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ მოსახლეობაში ფართო ვაქცინაცია.

„საუბარია მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე. მე მუდმივად ვაზუსტებ ასევე აბსოლუტურ რიცხვს, რომელიც არის მოზრდილი მოსახლეობის 1 600 000-დან 1 700 000-მდე. 20 პროცენტი იქნება „კოვაქს პლატფორმიდან“ დაკმაყოფილებული, დანარჩენ რაოდენობას ჩვენ უკვე მივიღებთ სხვა მწარმოებლისგან. „კოვაქს პლატფორმიდან“ პასუხს ველოდებით თვის ბოლოს, 30 იანვარს გვექნება დამატებითი ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კი 30 იანვარს ამბობდა, რომ  31 იანვარს ან პირველ თებერვალს გახდებოდა  ცნობილი, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს თებერვლის ბოლოს საქართველო „ფაიზერისგან“.

მისივე თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც „კოვაქს-პლატფორმის“ გავლით „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებდა:

„დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. გეგმის თანახმად, აიცრება სამედიცინო პერსონალი. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებითი დოზა იქნება 30 ათასამდე“, – აცხადებდა გამყრელიძე.

21 თებერვალს კი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. მისი განცხადებით, „იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება დროში მკაცრად ვერ სრულდება“.

„არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ ორ კვირაში. ასე რომ, ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის, არის ერთი კვირა“, – უთხრა ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

რას ამბობენ ახლა  ვაქცინის შემოტანის თარიღზე 

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია მომავალი კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

„საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, „კოვაქს-პლატფორმასთან“ ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე _  უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“.

ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ვაქცინები მარტში აუცილებლად იქნება და ორი დასახელების ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი. გამყრელიძის თქმით,  შემოვა „ასტრაზენეკა“ და ფაიზერი“. მართალია, ეს თებერვლის ბოლოს  იყო დაგეგმილი, მაგრამ „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ვერ შეასრულეს და სწორედ ამიტომ დაუგვიანდა საქართველოს მათ მიერ წარმოებული ვაქცინების მიღება.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას უპასუხებს იმ ოპონენტების ბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლებას არაკომპეტენტურობასა და მოლაპარაკებების არასწორად წარმოებაში ადანაშაულებენ, ამირან გამყრელიძე გვპასუხობს:

„არ ვერევი ამ პოლიტიკაში, ამიტომ დამანებეთ თავი. გასაგებია მათი მიზნები და ამ დისკუსიაში შესვლა არ მინდა. ვაქცინაცია მარტში იქნება და ორ პრეპერატს – „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ველოდებით. ვაქცინის შესახებ მოლაპარაკებებს ახორციელებს საკორდინაციო საბჭო და ის არის უშუალო მომლაპარაკებელი.

„სამინისტრო ახორციელებს ასევე მოლაპარაკებებს, სადაც გასაგებია, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრიც აქტიურად არის ჩართული. ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა მიჰყავს და ახორციელებს დაავადებათა ეროვნული ცენტრს. ამიტომ ორივე უწყება – ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო – ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული. ვაქცინები იქნება და ამისთვის ძალისხმევას არავინ იშურებს“, -აცხადებს გამყრელიძე „რეზონანსთან“.

კონტრაქტი ვადების მითითების გარეშე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ვაქცინაციის ამ დრომდე არდაწყება უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნების არარსებობაა. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ტყუილის თქმაც არ მობეზრდათ და ისევ გაურკვევლად საუბრობენ – ჯერ ცერცვაძე ივლისში ამბობდა, რომ ვაქცინას ყველაზე პირველები მივიღებდით, მერე კიდევ თებერვლის ბოლოს ველოდით და ესეც გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.

„ან არ იციან და არაკომპეტენტურობის ბრალია, ან კიდევ ფულის გაკეთებას აპირებენ და რაღაცებს თამაშობენ. პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ვაქცინაცია დაიწყო. დავრჩით მარტო ჩვენ, ცენტრალური აზია, ყირგიზეთი, ვიეტნამი, ლაოსი, კუბა და ასე შემდეგ. დანარჩენმა ყველა ქვეყანამ  დაიწყო.

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ბატონმა ამირან გამყრელიძემ. ასევე, უნდა მიჰყვნენ ცერცვაძე, იმნაძე და ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია გიორგი გახარიაც.

„ეს ხალხი გახარიას ტაშს რაზე უკრავს? მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანაზე სახელმწიფოსა და პრემიერის დონეზე უნდა წყდებოდეს. რა საკოორდინაციო საბჭო?! ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. გახარია მიხვდა, რომ ეკონომიკა ჩააგდო, ვაქცინაცია და ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა და ნიკა მელია იყო საბაბი, რაც გამოიყენა და გაასწრო.

„უნდა დავდიოდეთ ქვეყანა-ქვეყანა და ყველასგან დახმარებას უნდა ვითხოვდეთ,  როგორც ეს უკრაინამ გააკეთა. ხომ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ჩასულიყვნენ და ეთხოვათ, მაგრამ ყველასთან საქმე აქვთ გაფუჭებული. ისრაელში ჩასულიყვნენ და ეთქვათ, ასი ათასი დოზა მოგვეცით და მერე გაგისტუმრებთ თანხით ან ვაქცინითო.

„ამდენი ტყუილი სად ჩასდით. ჯერ იანვარში ვიწყებდით, მერე _ თებერვაში ახლა კიდევ _ მარტში. ისიც არ ვიცით, გვექნება თუ არა. მინისტრის მოადგილე გამოდის და იძახის, ჩვენ კონტრაქტები გვაქვსო, მაგრამ თარიღები არაა მითითებული. თარიღები თუ არაა მითითებული, ეს კონტრაქტი აღარაა, ეს მემორანდუმს უფრო ჰგავს. ზოგადი მოლაპარაკებაც კი არ არის. არაკომპეტენტურობის აღლუმია. მერე გამოდის ახალი პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. რაში უხდის, კაცმა არ იცის“, -აცხადებს ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.