უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მოსკოვი ჰიბრიდულ ომშია ჩართული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ჰიბრიდული ომის დასაწყისია – კრემლს სურს უკრაინის მუდმივ დაძაბულობაში ყოფნა, რადგან, მის მიმართ, განსაკუთრებული ინტერესები გააჩნია.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებაში საუბარია, რომ სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას.
“ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად აძლიერებს ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავენ, უახლესი კიბერშეტევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი მუდმივი დაძაბულობის შექმნაა, ახლა კი მის მთავარ სამიზნეს უკრაინა წარმოადგენს, თუმცა, არ არის გამორიცხული ხვალ სხვა რომელიმე ქვეყნის ჯერიც დადგეს.
„რუსეთის მთავარი გეგმა მუდმივი დაძაბულობაა. ის ამას მხოლოდ უკრაინის მიმართ არ აკეთებს, კიბერშეტევა რამდენჯერმე ამერიკის მიმართაც განახორციელა და როცა ტრამპმა გაიმარჯვა, მათ არჩევნებში ჩაერია.
“აღსანიშნავია ისიც, რომ ამას წინათ, პრობლემები შეუქმნა აშშ-ის ნავთობსადენის კომპანიას. ასე რომ, არავითარი კონკრეტული, საბოლოო მიზანი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებს, უბრალოდ, მისი რეგულარული „მისიაა”, მუდმივი ქაოსი და არეულობა. გუშინ ამერიკას შეუტია, დღეს უკრაინას, შეიძლება ხვალ საქართველოს რიგიც დადგეს.
„პერმანენტული სტრესი თავისთავად მიზანია, ამიტომ ეს არ არის საბოლოო, ეს არის მუდმივი მიზანი იმისა, რომ დანარჩენი ქვეყნები დაძაბულობაში ჰყავდეს, მათ აგრძნობინოს ვინ აკონტროლებს სიტუაციას.
„რუსეთს უკრაინის მუდმივ დაძაბულობაში ყოფნა სურს, რადგან, მის მიმართ, განსაკუთრებული ინტერესები გააჩნია. პრობლემების აღმოფხვრა ურთიერთობის გაღრმავებითა და თანამშრომლობით შეიძლება. აღნიშნულის განხორციელება კი პირველ რიგში, ამერიკიდან უნდა მოხდეს. ურთიერთობები სხვადასხვა ფორმით არის საჭირო, მოლაპარაკებები, ვითარების ახსნა და გარკვეული სანქციების დაწესება.
„ამასთან, თითოეული ქვეყნის მიერ საჭიროა თავის დაცვა და ბევრად უფრო უსაფრთხო სისტემების შექმნა, რომ დაცული იყვნენ რუსეთის კიბერშეტევებისგან”,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კიბერშეტევის უკან ჰაკერული ჯგუფები დგანან, მათი თავდასხმა კი ჰიბრიდული ომის დასაწყისია, რაც იმას ნიშნავს, რომ გახშირდება მსგავსი შემთხვევები.
„ამ შემთხვევის ასრულებენ სახელმწიფო სპეცსამასახურის მითითებებს. აღნიშნული ქმედებები ჰიბრიდული ომის დაწყების ერთგვარი საინფორმაციო ფაზაა. ასე რომ, რუსეთი ახორციელებს უკრაინაზე პირდაპირ აგრესიას.
„მიზანია, გარკვეულწილად მოახდინონ უკრაინელი ხალხის დაშინება, სისტემების მწყობრიდან გამოყვანა და სხვადასხვა მასალების ხელში ჩაგდება. კიბერდივერსია, კიბერშპიონაჟი და კიბერტერორიზმი ეს ყველაფერი ერთად არის”, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, 13 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო. ვებგვერდებზე ჰაკერებმა უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე შეტყობინებები დატოვეს. „ყველანაირი ინფორმაცია თქვენ შესახებ საჯარო გახდა. გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის”, – წერია შეტყობინებაში.