საზოგადოება

როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს იმუნური ფენა თუ “ომიკრონი“ იმუნიტეტის გარღვევას ახერხებს

მსოფლიო კორონავირუსს უკვე მესამე წელია ებრძვის და ამ დროის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19-ის 300 მილიონზე მეტი შემთხვევაა. ახალი შტამი „ომიკრონი” ქვეყნებში უკვე დომინანტურია, რომელიც სპეციალისტების განმარტებით ჩვენს იმუნიტეტს გვერდს უვლის, თუმცა, დასძენენ, რომ ამ შემთხვევაში თუ ადამიანი აცრილი იქნება და დამატებით „ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული, ლეტალობა და რეანიმაციაში მოხვედრის შანსი ნაკლები იქნება.

2021 წლის ბოლოს სპეციალისტების პროგნოზი, რომ ომიკრონი პანდემიის ისტორიაში ბოლო იქნებოდა, არ გამართლდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ომიკრონის შტამით პანდემია არ დასრულდება, არამედ, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები.

“ომიკრონი” არ იქნება არანაირად დასასრული, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები, კიდევ მოხდება მათი გავრცელება და მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მომზადებული და დავხვდეთ ყველა ახალ ვარიანტს და მუტაციას მომზადებული – ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ.

„ძალიან მძიმედ განვითარდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მოიცავს მთელს მოსახლეობას. ყველამ უნდა გადაიტანოს ეს ომიკრონი – ასეთია ე.წ. თამაშის ახალი წესებიდან გამომდინარე ახალი მესიჯი ამ ვირუსთან მიმართებაში,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ვინც აცრა გაიკეთა ისინი ომიკრონთან ბრძოლაში ბევრად უფრო წინ არიან. რაც შეეხება კოვიდგადატანილის იმუნიტეტს, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია.

„წყალში არაფერი არ ჩაყრილა. ვინც აცრა გაიკეთა, ისინი ბევრი ნაბიჯებით წინ არიან იმ ადამიანებზე, ვინც აუცრელები არიან. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა აუცილებელი რაოდენობა აიცრება. მაგალითად, გრიპის ა და ბ ტიპის გრიპის ვირუსებია, თუმცა, აცრილ ადამიანებში ვირუსი ბევრად უფრო მსუბუქად მიდის, ან არ ემართებათ. იგივეა ამ შემთხვევაშიც.

„სპეციალისტები აცრას და „ბუსტერს” იმიტომ მოითხოვენ, რომ ჩვენ დაავადების გადადებისგან კი არა, თავი სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დავიცვათ. თუ ბევრი ჰოსპიტალიზაცია იყო და სახელმწიფოს რესურსი აღარ ეყო, მერე უკვე მოხდება ის, რაც პირველი ტალღისას იტალიაში მოხდა, ხალხი რომ ქუჩაში იღუპებოდა.

„რაც შეეხება გადატანილ იმუნიტეტს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ინდივიდუალურია – ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა საერთოდ არც დაემართოს. ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანს კორონავირუსიც გადატანილი აქვს, ორჯერადაცაა აცრილი და ომიკრონიც დაემართა, მაგრამ, მან მარტივად გადაიტანა” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ადამიანი „ომიკრონს” მხოლოდ გადატანილის სტატუსით არ უნდა შეხვდეს და გამოსავალი მაინც ვაქცინაციაა.

„რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ კორონავირუსს გადატანილს უფრო ნაკლები სიმპტომატიკა ახასიათებს და შანსი იმისა, რომ მძიმედ განვითარდეს, ბევრად ნაკლებია. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ადამიანი მარტო გადატანილის სტატუსით არ უნდა იყოს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც გადატანის შემთხვევაშიც ანტისხეულთა რაოდენობა დაბალი აქვთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვირუსს გავრცელებას ყველა გზა მოეჭრას, ამიტომაც გადატანილმაც და გადაუტანელმაც უნდა აიცრას, ესაა გამოსავალი.

„არაა გამორიცხული, რომ „ომიკრონის” გარდა სხვა შტამებიც გამოჩნდეს, რადგან მას 24 მუტაცია აქვს, მაგრამ თუ იმუნური ფენა, ასევე აცრილი ადამიანები დახვდებიან, ეს ბევრად უფრო მარტივად მოგვარდება. სანამ ეს წრე არ ჩაიკეტება და რისკი იქნება იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება კორონა დაემართოს, მანამდე ცირკულირება არ დამთავრდება და შესაბამისად ახალი შტამების ჩამოყალიბება, მთავარია, რომ პასაჟირება არ მოხდეს, რომელიც ახალი შტამების ჩამოყალიბების პირველი გზაა,”- განცახდა ხმალაძემ.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ „ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინაციითა და ბუნებრივად შეძენილი იმუნიტეტის დამცველობა შედარებით დაქვეითებულია, გამოსავალი კი „ბუსტერ” დოზაა.

„იმუნური ფენა წყალში ბოლომდე ჩაყრილი არაა, ეს არ ნიშნავს, რომ „ომიკრონს” იმუნური ფენის გარეშე ვხვდებით. უბრალოდ, ვაქცინაციისა და ბუნებრივად გადატანილის შეძენილი იმუნიტეტის დამცველობა „ომიკრონის” შემთხვევაში შედარებით დაქვეითებულია, ანუ, ადამიანს იმდენად აღარ იცავს, როგორც ეს წინა შტამების შემთხვევაში იყო.

„თუმცა, კვლევები მაინც აჩვენებს, რომ თუ ადამიანი „ბუსტერ” დოზის ჩათვლით სამჯერადად ვაქცინირებულია, მცირდება, როგორც დაინფიცირების, ასევე მძიმე მიმდინარეიბის რისკები და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას დაახლოებით 70-დან 80%-მდე ამცირებს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია მაინც უალტერნატივო რჩება და ხელს შეგვიწყობს, რომ „ომიკრონის” ტალღა ბევრად უფრო ნაკლები დანაკარგით გადავაგოროთ.”- განაცხადა გოგინავამ.

მისივე პროგნოზით, პანდემიის ისტორიაში „ომიკრონი” იქნება ბოლო შტამი, რომელსაც ეპიდვითარების გაუარესება შეეძლება.

„მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა, შესაძლოა ახალი შტამები გამოჩნდნენ, მაგრამ მათ რამდენად ექნებათ უნარი, რომ ფართომასშტაბიანად გავრცელდნენ, ეს ნაკლებსავარაუდოა. ჩემი აზრით „ომიკრონი” იქნება ბოლო, რომელსაც პანდემიის მიმდინარეობის მსვლელობის შეცვლა შეეძლება და ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება.

„კორონავირუსის ათასობით ახალი შტამი არსებობს, რომლებიც შესაძლოა ლაბორატორიაში დააფიქსირო, მაგრამ ისინი ჩვენს რეალობას ვერ ცვლიან, რადგან ეს მუტაციები არაა ისეთი, რომ მათ შეეცვალათ უნარი და გამხდარიყვნენ ან უფრო აგრესიულები, ან უფრო გადამდებები” – განაცხადა გოგინავამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმიას, რომ ომიკრონი ვაქცინირებულ ადამიანებსაც ემართებათ, მათი უმრავლესობისთვის ვირუსის სასიკვდილო საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, კვლელევი მოწმობს, რომ გარდაცვლილი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო.

“კი ბატონო, ომიკრონი გვერდს უვლის ჩვენს იმუნიტეტს და შესაბამისად, შეიძლება აცრილიც და ბუსტერგაკეთებულიც ავად გახადოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც იღუპებიან, იყო აუცრელი.

“მალე გამოქვეყნდება საბოლოო ციფრები, პირველი ანგარიში რომ გამოვაქვეყნეთ, იქ დაახლოებით 99 პროცენტი გარდაცვლილი ადამიანების აუცრელი იყო. ყველა ხედავს ჩვენს გარშემო, რომ აუცრელი ადამიანები იღუპებიან, აცრილს შეიძლება დაემართოს, მაგრამ რეანიმაციაში არ მოხვდება”, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 იანვრიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

„საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

„რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ.

“ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

„რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება”, – განაცხადა გაბუნიამ.