არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი ოპოზიციის ლიდერი და ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც 23 თებერვალს დააკავეს?
პოლიციამ გამთენიისას მიიტანა შტურმი ენმ-ის ოფისზე, სადაც მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. სწორედ ენმ-ის ოფისში ათევდა ღამეს ნიკა მელია სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მის დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომაც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის დაეკისრა.
წინაისტორია
20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები: აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვს.
მელია გირაოს პარალელურად დაწესებულ სხვა დამატებითი შეზღუდვებს მანამდეც არღვევდა, თუმცა პროკურატურა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით სასამართლოში მის მიერ სამაჯურის მოხსნის მერე შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.
მელიას 50 დღე განესაზღვრა დამატებითი გირაოს გადახდის ვადად, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დაეყენებინა.
მიმდინარე წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების მიზნები
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. მელიას ადვოკატების თქმით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათი დაცვის ქვეშ მყოფს მსგავსი განზრახვა არ გამოუვლენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.
კანონმდებლობით, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სწორედ აღნიშნულ ჩანაწერს ეყრდნობა პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას.
“2020 წლის პირველ ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა. მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები – ბრალდებულმა საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვიდრე სასამართლო 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალეულობას ან უდანაშაულობას დაადგენს, სამჯერ შეეფერდა აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება. ადვოკატების მტკიცებით, ამ პროცესში თავდაყირა დადგა მანამდე არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, რაც საქმის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მიუთითებს — კერძოდ, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული მორატორიუმის შემდეგ, ბრალდების მხარე არ იმჩნევდა ნიკა მელიას მიერ შემზღუდავი ღონისძიებების დარღვევას, მელიას მიერ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის გადაგდების შემდეგ კი ითხოვდა ისევ გირაოს, ნაცვლად პატიმრობისა, ვიდრე მელია ენმ-ის თავმჯდომარე არ გახდა. პროკურატურა, თავის მხრივ, ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მელიას საქმის სამართლებრივ მიმდინარეობაზე გავლენა არ აქვს და ადვოკატების შეფასება პირველად გამოყენებული ღონისძიებების შესახებ “სუბიექტურია”. “ნეტგაზეთმა” შეკრიბა დაცვის და ბრალდების მხარის პოზიციები იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მელიას მიმართ განსხვავებულ სამართლებრივ პრაქტიკაზე და პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მათ ცვალებადობაზე:
1. ელექტრონული მონიტორინგი გირაოს პარალელურად
“ნიკა მელიას საქმე უპრეცედენტოა როგორც მისი სამართლებრივი შემადგენლის, ისე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ეს არის საქმე, რომელზეც იცვლება ყველა სამართლებრივი პრაქტიკა და სახელმწიფო ინსტიტუტები ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებისდან ჩამოშორებისთვის არის გამოყენებელი. ყველა ინსტიტუცია პოლიტიკურ კონინქტურას ექვემდებარება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქამდე არარსებული სამართლებრივი პრეცედენტული პრაქტიკები იქმნება. ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც გირაოს პარალელურად, დამატებითი შეზღდუვის სახით დაუწესდა ელექტრონული მონიტორიგი, როდესაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველიც კი არ არსებობდა”, – ამბობს გიორგი კონდახიშვილი, მელიას ადვოკატი.
მოქმედი კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტონული მონიტორინგი თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, შინაპატიმრობას უტოლდება და თუ მისი გამოყენება ხდება, ის უნდა იყოს აღკვეთის ძირითადი და არა — გირაოს დამატებული ღონისძიება. საია-ს კვლევის „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები“ თანახმად, მოსამართლეთა და ადვოკატთა აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, პროკურორების მცირე ნაწილი ემხრობა იდეას, გაიზარდოს ძირითადი აღკვეთის ღონისძიების სახეები ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა ელექტრონული მონიტორინგი, შინაპატიმრობა თუ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.
2. გირაოს პარალელურად, საჯარო სივრცეში კომუნიკაციის შეზღუდვა
დაცვის მხარე ასევე ხაზს უსვამს, რომ ნიკა მელია პირველი ბრალდებულია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის და ამორმჩეველთან შეხვედრის უფლება, როდესაც ის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი იყო და საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა.
ადვოკატის კითხვას, პრაქტიკაში ყოფილა თუ არა სხვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსთან ერთად გამოეყენებინათ ელექტრონული მონიტორიგი და შეეზღუდათ სიტყვით გამოსვლა და მოქალაქეებთან კომუნიკაცია, პროკურორმა ია დარჯანიამ უპასუხა:
“ჩემი პრაქტიკა თუ გაინტერესებთ, ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე შემიძლია ზუსტად გიპასუხოთ, საქართველოს მასშტაბით ვინმეს ჰქონდა თუ არა მსგავსი პრეცედენტი. სტატისტიკისთვის უნდა მიმართოთ პროკურატურას. ჩემს პრაქტიკაში უფრო მეტად იყო პატიმრობა გამოყენებული”.
ადვოკატებმა თქვეს, რომ პროკურატურას მიმართეს, თუმცა სტატისტიკა ვერ მიიღეს. დარჯანიამ კი განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ინდივიდუალურია და “მელიას რანგის” პირი, იმავე დანაშაულში ბრალდებული, სხვა არ ყოფილა, ამიტომ ეს შემთხვევა სხვა პრაქტიკებთან შესადარებლად არ გამოდგება.
ადვოკატები დაინტერესდნენ, მაშინ იმავე 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სხვა პირების მიმართ თუ გამოუყენებიათ ანალოგიური შემზღუდავი ღონისძიება, რაზეც პროკურატურამ უპასუხა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეებში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას არ ფლობს (მელიას საქმე 20 ივნისის სხვა ბრალდებულების საქმიდან გამოყოფილია – ავტ.).
3. “გირაოს გირაოთი დამძიმება”
მელიას ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში ნიკა მელია ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც გირაოს პირობების დარღვევის გამო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის — ნაცვლად ისევ გირაო შეეფარდა, თან ყველა დამატებითი შეზღუდვა (ელექტრონული მონიტორინგი, საჯარო გამოსვლის შეზღუდვა) მოეხსნა და ეს გამკაცრებად შეფასდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გასული წლის 3 ნოემბერს ნიკა მელიას “გირაოს გირაო” შეუფარდა, რაც არალეგიტიმურია.
“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. არ აქვს ამას მნიშვნელობა”, – ასე უპასუხა პროკურორმა ია დარჯანიამ ადვოკატების კითხვას იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა პროკურორებს მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა, ან თუ სმენიათ იმის შესახებ, როდესაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების – გირაოს დამძიმების სახით ისევ გირაო მოითხოვა.
საქმის მეორე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა. სადრაძის თქმით, უცნაურია, დაცვის მხარე პროკურატურას უფრო ლმობიერი შუამდგომლობისთვის აკრიტიკებდეს.
მელიას მიმართ უპრეცედენტო სამართლებრივ პრაქტიკაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:
4. სამართალწარმოების (არა) თანმიმდევრულობა 8 მარტის შეთანხმების და სხვა პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ
2020 წლის 8 მარტს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური მართლმსაჯულების თავიდან აცილებას ითვალისწინებდა. ადვოკატები სწორედ 8 მარტის შეთანხმებას მიაწერენ პასიურობას 20 ივნისის საქმის არსებით განხილვაში, ასევე, იმ ფაქტს, რომ პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში დაწესებული — სახლიდან გასვლისა და საჯარო გამოსვლების ამკრძალავი — შეზღუდვების სისტემატურ დარღვევას.
პროკურატურამ მხოლოდ 2020 წლის 3 ნოემბერს, ელეტრონული მონიტორინგისთვის დაწესებული სამაჯურის გადაგდების შემდეგ ჩათვალა, რომ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება საჯაროდ და დემონსტრაციულად. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა პროკურატურას იგივე რეაგირება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ნიკა მელია მართავდა საჯარო შეხვედრებს, ტოვებდა სახლს ნებართვის გარეშე, ატარებდა საარჩევნო კამპანიას და ა.შ., მაშასადამე, არღვევდა ელეტრონული მონიტორინგის თანაზომიერ სხვა შემზღუდავ ღონისძიებებს.
“მთელი ეს პერიოდი ჩვენ ინფორმირებული ვიყავით მისი გადაადგილების შესახებ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, უფრო მეტიც — საქმის კურსში გვაყენებდნენ. საათი რამდენჯერმე გაფუჭდა და აღადგინეს. პირველ ნოემბერს, განსხვავებით სხვა პერიოდებისგან, ეს სამაჯური მოიცილა და საჯაროდ გადაადგო. აქედან იწყება დარღვევა. ის, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ამომრჩეველს ხვდებოდა და მისი ეს უფლება არანაირად არ შეზღუდულა, მე ვფიქრობ, დანაშაულს არ წარმოადგენს და რამე დარღვევაც არ არის”, – ასე უპასუხა პროკურორმა დარჯანიამ კონდახაშვილის კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა პირველ ოქტომბერს ისეთი, რაც მანამდე არ მომხდარა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვა გულისხმობდა არა ინფორმირებულობას, არამედ ნებართვის აღებას სახლის დატოვების თითოეულ ჯერზე, რაც არ მომხდარა.
“მეორე — სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ უგულებელყავით, ხომ? სიტყვით გამოდიოდა ყოველდღე, ამიტომ, როდესაც პროკურორმა თქვა, რომ პირველ ნოემბრამდე არ მომხდარა დარღვევა, ეს არის სიცრუე, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა დარღვევა”, – თქვა კონდახიშვილმა.
ამაზე საქმის მეორე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ უპასუხა, რომ დაცვის მხარემ აღიარა დარღვევის განგრძობითობა, თუმცა წინა ქმედებები “არ იყო არსებითი ხასიათის” და არ წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების საფუძველს
“კანონის რომელი ნორმა იძლევა განმარტებას, რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიების არსებითი დარღვევა და არარსებითი დარღვევა? თქვენი თვალთახედვით აფასებთ, როცა გნებავთ არსებითად და როცა გნებავთ, არაარსებითად? სახლის დატოვება არაარსებითი იყო და სამაჯური არსებითი, მაშინ, როცა ორივე შეზღუდვას ერთი და იგივე ძალა აქვს?”, – ჰკითხა ადვოკატმა პროკურორს.
სადრაძემ ადვოკატებს, როგორც “სწავლულ იურისტებს”, შეახსენა, რომ სამართალში ნორმატიულ კატეგორიებთან ერთად არსებობს შეფასებითი კატეგორიებიც და სწორედ ამ უკანასკნელს განეკუთვნებოდა დარღვევის ხარისხის “არსებითად” შეფასება.
გიორგი კონდახიშვილი: ქალბატონმა იამ განაცხადა, რომ პირველ ნოემბრამდე არ ირღვეოდა [აღკვეთის ღონისძიება], ბატონი მიხეილი ამბობს, რომ არაარსებითად ირღვეოდა. საბოლოდ რომ გავიგოთ პროკურატურის პოზიცია — არაარსებითად ირღვეოდა თუ საერთოდ არ ირღვევოდა?
ია დარჯანია: “პირველ ნოემბერს ნიკა მელიამ აშკარად და გარკვევით, ფაქტობრივად, სახეში გვესროლა თავისი სამაჯური და თქვა, რომ არ დაგემორჩილებითო”.
ადვოკატები დაინტერესნენ, 2020 წლის 8 მარტის მორატორიუმის მერე, მაშინ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოხსნილი იყო, რატომ არ დაკითხულან მოწმეები და არ ჩანიშნულა არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე, რომელსაც პროკურატურა იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მელიას საქმის არსებით განხილვას დიდი კავშირი არ აქვს აღკვეთის ღონისძიების სხდომასთან.
“მტკიცებულების გამოკვლევა, მოწმეების დაკითხვა და ა.შ., აუცილებლად იქნება ესეც. თუ დაცვას დააკმაყოფილებს და თქვენ ეს დაგაწყნარებთ, მომავალში მოვითხოვთ, რომ ინტენსიურად ჩატარდეს სხდომები”, – თქვა დარჯანიამ.
ია დარჯანიამაც და მიხეილ სადრაძემაც აღნიშნეს, რომ 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები არ არიან და აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან კავშირი არ ჰქონია.
ნიკა მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადა 24 დეკემბერს ამოეწურა. 25 დეკემბერს ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ აირჩიეს. გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით მელია პროკურატურაში უკვე 2021 წლის 5 თებერვალს დაიბარეს, მან კი განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა.
ნიკა მელიას ადვოკატები დაინტერესდნენ, ბრალდების მხარისთვის ცნობილი იყო თუ არა, რა შეიცვალა ნიკა მელიას კარიერაში 24 დეკემბრის შემდეგ. დარჯანიას თქმით, იცის, რომ მელია ენმ-ის თავმჯდომარე გახდა, თუმცა არ იცის, ეს 24 დეკემბრამდე მოხდა თუ მას შემდეგ.
“როცა ბრალდების მხარეს საქმის დასრულების იურიდიული ინტერესი არ აქვს [არ ითხოვს არსებითი განხილვის სხდომების ინტენსიურად ჩანიშვნას], მაგრამ ითხოვს პატიმრობას, ნიშნავს, ერთადერთი ინტერესი აქვს — თავისუფლება ჰქონდეს აღკვეთილი ბრალდბეულს. რატომ გაჩნდა ეს ინტერესი ახლა? ნიკა მელია პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ როცა დაინიშნა, დადგა მისი განეიტრალების საკითხი. ამით აიხსნება ის უამრავი პაუზა და მხოლოდ მაშინ რეაგირება, როცა ამის პოლიტიკური დღის წესრიგია და არა — სამართლებრივი”, – ამბობს დაცვის მხარე.
ადვოკატების თქმით, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, არ დაემორჩილოს საგანგებოდ მისთვის მორგებულ სამართლებრივ პრეცედენტებს და პოლიტიკურ დევნას და ამ საპროტესტო ნაბიჯით არ არღვევს კანონს და არ ეწინააღმდეგება აღკვეთის ღონისძიების საფუძვლებს.
“თქვენ თქვით, რომ ნიკა მელიაა სამართალთან კონფლიქტში, სინამდვილეში ეს მოთხოვნებია სამართალთან კონფლიქტში”, – აცხადებს ბასიალაია.
5. დაპატიმრებისთვის მზადება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გახარიას განცხადება
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოცხადებული, როდესაც ენმ-ის ოფისთან ახლოს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო.
აღნიშნულის საფუძველზე ადვოკატებმა საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, შსს-ს მოქმედებები ადასტურებდა, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე არ იღებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, შსს-ში კი განაცხადეს, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბაზაზე “მუდმივად ასეთი ვითარებაა” და განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
თუმცა “ნეტგაზეთმა” დააფიქსირა, რომ შსს-ს მიერ მელიას დაკავების ოპერაციის გადადების შემდეგ, საპოლიციო ძალებმა ბაზის დატოვება დაიწყეს.
სასამართლო პროცესის მეორე დღეს, 18 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.
“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შსს-მ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების გადადების შესახებ განაცხადა.
ის, რომ მელიას დაკავების საკითხი პოლიტიკურ პარტიაში განხილვის და სამართლებრივ პროცედურაზე შეუთანხმებლობის გამო პრემიერის გადადგომის მიზეზი გახდა, ნიკა მელიას დაცვის მხარისთვის საქმის პოლიტიკურობის ცალსახა არგუმენტად იქცა.